“ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თეა წულუკიანის სახლთან ორგანიზებული აქცია „დონორებისგან წახალისებული და „ენჯეოებისგან“ ორგანიზებული ქუჩის ტერორად“ მოიხსენია, აქციის მონაწილეებს კი „ორკები“ და „ქართველი როდიონოვები“ უწოდა.
თეა წულუკიანის სახლთან რამდენიმე დემონსტრანტი მას შემდეგ მივიდა, რაც მან საქართველოს ეროვნულ გმირ, აგვისტოს ომისას სასტიკად მოკლულ გიორგი ანწუხელიძეზე საუბრისას განაცხადა: „ყველა ბავშვს სჭირდება მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თეა წულუკიანი სახლში ოჯახთან და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ცხოვრობს და დასძინა, რომ „სახლებში შევარდნები, შუაღამის ტერორი ბავშვების თვალწინ და მათ გასაგონად, ნაცნობი ხელწერაა, რომლის ისტორიებსაც, ეს დღეებია, სწორედ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მიმდინარე საპარლამენტო გამოძიებისას მთელი საქართველო ისმენს“.
„ესენი არავის დაინდობენ, არც ქალს და არც კაცს, არც ბავშვს და არც ასაკოვანს“, – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.
თეა წულუკიანმა, – რომელიც სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობს, – 11 აპრილს სატელევიზიო ინტერვიუში კომისიის მიზნებზე ისაუბრა და თქვა:
„ჩვენი [კომისიის] მიზანია იმ პოლიტიკური თანამდებობის პირების… გადაწყვეტილებების შესწავლა და შეფასება. რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება, დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას?! ვერავინ“.
„ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს ჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“, – განაცხადა ამის შემდეგ თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი ახრის გადაცემაში, „აქტუალური თემა“.
ფორუმი
