შალვა პაპუაშვილი – წარმოუდგენელია, ვისაუბროთ ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა ამომრჩეველმა პოლიტიკური პასუხისმგებლობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მისცეს ხმა

თავისთავად წარმოუდგენელია, რომ ვისაუბროთ ამომრჩევლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელსაც ყველა ამომრჩეველი ატარებს და მნიშვნელოვანი არის, რომ არჩევნებზე ყველა ამომრჩეველმა ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება და მისცეს ხმა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებას, რომ შესაძლებელია „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა დადგეს“.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დემოკრატიისთვის პრობლემაა, როდესაც კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედი პარტიები პოლიტიკურად აქტიური არიან.
მისივე თქმით, სწორედ ამის გამო მიიღო მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა განიხილოს „ნაციონალური მოძრაობის“ და იმ პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობა, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციას. შემდგომ კი, ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი ორგანიზაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
„ზოგადად 2012-დან მოყოლებული, ჩვენ კვლავ ვდგავართ იმ რეალობის წინაშე რომ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკურად აქტიური, არჩევნებში იღებს მონაწილეობას და გარკვეულ მხარდაჭერას. ეს რა თქმა უნდა, არის პრობლემა ქართული დემოკრატიისთვის, როდესაც კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედი პარტიები პოლიტიკურად აქტიურები არიან და ეძლევათ შესაძლებლობა, რომ გარკვეული გავლენა ჰქონდეთ პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამიტომაც არის ეს ჩვენი ერთ-ერთი დაპირება, რომ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა განიხილოს „ნაციონალური მოძრაობის“ და იმ პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობა, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციას და ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ასეთი ორგანიზაციის აკრძალვასთან დაკავშირებით.
ვფიქრობ, განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწად-ნახევარმა, მას შემდეგ, რაც დაიწყო ს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ამომრჩეველს დაანახა, თუ ვისთან აქვს საქმე ამ პარტიების სახით. ესენი არიან პარტიები, რომლებიც იმ ბანერზე, რაც არის განთავსებული ფოტოები, ზუსტად ამ რეალობას უმზადებდნენ საქართველოს – დანგრეულ სკოლებს, მოედნებს, დანგრეულ ეკლესიებს. ამ მომავლისთვის სწირავდნენ ეს პარტიები ქართულ საზოგადოებას და რაც მთავარია, ამას ჰპირდებიან კიდევაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი ბრეგაძე – წინასაარჩევნო პროცესების არასწორად წარმართვა, სიტუაციის არევა და მოსახლეობის ნებაზე ზემოქმედების მოხდენა რადიკალური ოპოზიციისა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედის

იუსტიციის მინისტრი – მოსახლეობას ყოველთვის კარგად უნდა ახსოვდეს, რა პოლიტიკურ ძალასთან ჰქონდა საქართველოს საქმე – „ნაციონალური მოძრაობის“ დროს აშკარად გამოკვეთილი იყო ავტორიტარიზმის ყველა ნიშანი