შალვა პაპუაშვილი ძველი პირადობის მოწმობების გაუქმებაზე – ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, არამედ საერთო ჯამში წაადგება მოქალაქეების რეესტრის მოწესრიგებას

ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ სთვის მნიშვნელოვანი პროცესია, არამედ საერთო ჯამში წაადგება მოქალაქეების რეესტრის მოწესრიგებას, – ასე უპასუხა ბაქოში ვიზიტად მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქართველი ჟურნალისტების კითხვას 2011 წლამდე გაცემული ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობების გაუქმების შესახებ კანონპროექტზე.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ძველი პირადობის მოწმობების ჩანაცვლების საკითხზე ოპოზიციასთან შეთანხმება მიღწეულია.
„პირადობის მოწმობებს რაც შეეხება, იცით, რომ მათ შორის ოპოზიციასთან შეხვედრის დროს არის მიღწეული შეთანხმება, ვინაიდან არსებობს ეს გამოწვევა ძველი პირადობის მოწმობებისა, რომლებიც, სამწუხაროდ, აქციების მიუხედავად, უფასოდ ჩანაცვლების მიუხედავად ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის ამოღებული მიმოქცევიდან. მათ შორის არის მოქალაქეების დიდი რაოდენობა, რომლებიც შესაძლოა, უკვე საქართველოშიც დიდი ხანია არ იმყოფებიან, შესაძლოა, გარდაცვლილებიც არიან, ვინაიდან ეს ძველი პირადობის მოწმობებია, ამიტომ, ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია, არამედ საერთო ჯამში წაადგება მოქალაქეების რეესტრის მოწესრიგებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.