ცრუ ნარატივების ფონზე, რომელიც დღესაც გაგრძელდა, მათ შორის ევროკომისიის მხრიდან, ასევე დოკუმენტში და იმ მტრული რიტორიკის ფონზე, რომელსაც ვისმენთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან, რა თქმა უნდა, რთულია გამორიცხო რამე მტრული ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ელოდება თუ არა ევროკომისიის მიერ დღეს წარმოდგენილი გაფართოების ანგარიშიდან გამომდინარე საქართველოს შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ინტეგრაცია, ხალხებს შორის ურთიერთობა და ეს ყველაფერი ბრიუსელის ხელში არის ხალხების ნებაზე ზემოქმედებისა და ზეწოლის იარაღი.
„იმ ცრუ ნარატივების ფონზე, რომელიც დღესაც გაგრძელდა, მათ შორის ევროკომისიის მხრიდან, ასევე დოკუმენტში და იმ მტრული რიტორიკის ფონზე, რომელსაც ვისმენთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან, რა თქმა უნდა, რთულია გამორიცხო რამე მტრული ნაბიჯი ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ერთადერთი, რასაც ისინი აზიანებენ, აზიანებენ საკუთარ თავს, ამხელენ საკუთარ თავს, რომ ევროპული ინტეგრაცია, ხალხებს შორის ურთიერთობა ეს ყველაფერი მათ ხელში არის იარაღი ხალხების ნებაზე ზემოქმედებისა და ზეწოლისა, რასაც ქართველი ხალხი არ უშვებს, სწორედ ეს არის მოხშირებული მტრული რიტორიკის მიზეზი, რასაც ბოლო პერიოდში ვისმენთ.
ციხეში არ სხედან ოპოზიციონერები, ექიმები, იურისტები თუ ინჟინრები, ციხეში სხედან დამნაშავეები. ვინც ამას ვერ აცნობიერებს, ვერ აცნობიერებს კანონის უზენაესობას, როგორც ღირებულებას. როდესაც ევროკომისარი ასეთი დაბალი ღირებულებებით საუბრობს და ადამიანებს გამოარჩევს პოლიტიკური კუთვნილებით, ეს აჩვენებს იმას, რომ მას არ ესმის კანონის უზენაესობა ან მანიპულირებს – ორივე არის კატასტროფული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.




