შალვა პაპუაშვილი – ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა

ჩვენს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს მუხლი – ევროპული მომავლისთვის დასჯა, არსებობს მუხლი – მეორე ადამიანისთვის ზიანის მიყენებისა. ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით იგი გამოეხმაურა მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული ს დღევანდელ სასამართლო პროცესს, სადაც განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.
პაპუაშვილის თქმით, პროკურატურის მხრიდან მყარი პოზიციაა, იმასთან დაკავშირებით, რომ ლაზარე გრიგორიადისი მეორე ადამიანს ცეცხლს უკიდებდა.
“თუკი ვინმე იტყვის, რომ არსებობს რაიმე მიზანი, რომელმაც შეიძლება გაამართლოს ერთი ადამიანის მხრიდან მეორეს მიმართ ცეცხლის წაკიდება, თქვან, რომ ხანდახან შეიძლება გამართლდეს ცეცხლის წაკიდება მეორე ადამიანისთვის და მისი განწირვა სიკვდილისთვის. ეს არის მორალის დაკარგვის პირველი ნაბიჯი.
ჩვენს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს მუხლი – ევროპული მომავლისთვის დასჯა, არსებობს მუხლი – მეორე ადამიანისთვის ზიანის მიყენებისა. ცეცხლის წაკიდება თუ თქვენთვის ევროპაა, მაშინ ძალიან ცდებით იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ევროპა. ევროპა ზუსტად საწინააღმდეგოა ძალადობისა, ერთი ადამიანის მხრიდან მეორისთვის ცეცხლის წაკიდებისა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილმა ისაუბრა იმაზე, არსებობს თუ არა შანსი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრალდებული გრიგორიადისი შეიწყალოს და აღნიშნა, რომ „ გააკეთებს ზუსტად იმას, რასაც დაავალებენ.“
„სალომე ზურაბიშვილი გააკეთებს ზუსტად იმას, რასაც დაავალებენ. ამას ჩვენ მივხვდით უკვე დიდი ხანია და ეს დადასტურდა გუშინწინ სტრასბურგის გადაწყვეტილებითაც, როდესაც გამოჩნდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი დავალება, რომელიც მან შეასრულა, ვინაიდან არ არსებობდა არანაირი კითხვის ნიშანი ს დამნაშავეობასთან დაკავშირებით. ჩვენ, ფაქტობრივად, გუშინწინ მივიღეთ უმაღლესი ევროპული ინსტანციისგან კიდევ ერთხელ დასტური მათთვის, ვისაც ეს არ სჯეროდა, რომ ის(გვარამია) არის სისხლის სამართლის დამნაშავე – ეს ერთი და მეორე, არ არსებობდა არანაირი პოლიტიკური გამართლება მისი შეწყალებისა ვითომ დეპოლარიზაციის მიზნით. ეს ჩანდა კიდეც, ვინაიდან განმარტებაც არ გააკეთა, რადგან ხვდებოდა, რომ განმარტების მიუხედავად უარგუმენტო იქნებოდა და არავინ დაიჯერებდა.
ჯერ ჩვენ არ ვიცით სასამართლოს განაჩენი, იქნება თუ არა ცნობილი [ლაზარე გრიგორიადისი] დამნაშავედ. თუმცა პროკურატურის მხრიდან მყარი პოზიციაა, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანი მეორე ადამიანს ცეცხლს უკიდებდა, ვნახოთ რას იტყვის სასამართლო და შემდეგ გამოჩნდება. ზუსტად ისე მოიქცევა [სალომე ზურაბიშვილი], როგორიც იქნება დავალება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება NGO სექტორისა და ოპოზიციის განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ლაზარე გრიგორიადისი პოლიტიკური მოტივებით დააკავეს, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მათ მიმართ ნდობა არ არსებობს.
„რაც შეეხება „ენჯეოებს“, ოპოზიციას და ა.შ., მათი კეთილსინდისიერება ბევრჯერ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ.
მათ მიმართ ნდობა არ არსებობს, ყოველ ჯერზე – „რუსთავი 2“-ის, მელიას, გვარამიას საქმეზე ამბობდნენ ერთი და იმავეს, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივირება და ყოველ ჯერზე აღმოჩნდა, რომ ისინი არიან სამართლის არ მცოდნე ადამიანები, ვერ ერკვევიან და არ ჰყოფნით ცოდნა, ან განზრახ ატყუებდნენ და შეცდომაში შეჰყავთ საზოგადოება. მე მგონია, რომ ეს არის მეორე – განზრახ მოტყუება და რა თქმა უნდა, ეს პრობლემურია ვინაიდან ეს ორგანიზაციები ფინანსდებიან უცხოეთიდან. როცა უცხოური ფული იხარჯება იმაში, რომ მოხდეს ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტირება და საზოგადოებაში გავრცელდეს დეზინფორმაცია, ეს ძალიან ცუდია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს და ასევე, ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შემდეგ, სასამართლო განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.