საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, “ჩვეულებრივი ტყუილია, თითქოს საქართველოს ვინმე 14 მილიარდ ევროს ან რაღაც თანხას აძლევს”.
მისივე თქმით, საქართველოში არსებულ არცერთ არასამთავრო ორგანიზაციას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებიდან და აშშ-დან ფინანსდება, ეს ინფორმაცია არ გადაუმოწმებია.
„რაც შეეხება 14 მილიარდ ევროს, ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი. მე ვაკვირდები და ძალიან საინტერესოა, არც ერთ ე.წ. დეზინფორმაციის მამხილებელ „ენჯეოს“, რომელიც ამერიკული და ევროპული ფონდებიდან მილიონებს იღებს, არ გადაუმოწმებია ეს განცხადება. ჩუმად არიან. აი, ეს რაღაცა რიცხვი, ჩვეულებრივად ტყუილია. იტყუებიან, თითქოს ვინმე 14 მილიარდს საქართველოს აძლევს. ამ ტყუილს ჩვეულებრივად ხელს უწყობენ. აი, ესეც არის უცხოური ჩარევა ქართულ არჩევნებში. ეს „ენჯეოები“, რომლებმაც წესით სიცრუე უნდა ამხილონ, ამ სიცრუეს უცხოური დაფინანსებით ხელს აფარებენ. რა თქმა უნდა, ამის უკან არის პასუხისმგებლობა. ეს „ენჯეობი“ ფინანსდებიან ევროკავშირის, თუ აშშ-ს საბიუჯეტო თანხებით. პასუხისმგებლობა არის მათი, რომ ცრუ ნარატივებს ხელს უწყობენ. ჩვეულებრივი ტყუილია. საერთო ჯამში, სასაცილოა. ეს იგივე ხალხია, რომლებიც როცა კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს, გვეუბნებოდნენ, რომ (მაშინ მათი ლოყების ხოკვა გახსოვთ) კანდიდატის სტატუსს – „სამი მილიონი თითო სოფლისთვის“ მოჰყვებოდა. მსგავსი განცხადებები ჰქონდათ. ჩვენ, მოლდოვამაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, მაგრამ ამ მხრივ, ვერ ვხედავთ, რომ ფული ღრუბლებიდან ცვივა. ასევე, მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებს გაეხსნა და 14 მილიარდი, რომელი ქვეყნის ბიუჯეტში ჩაირიცხა, იქნებ ეს ჩარიცხვის ამონაწერი გვაჩვენონ.
ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი, რომ თითქოს საქართველოს ვინმე 14 მილიარდს, რაღაც თანხას აძლევს. მათ შორის, დღეს ვნახე ინფორმაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენელი, 14 მილიარდს უკვე თან ანაწილებდა. მოუკლავი დათვის ტყავს ანაწილებენ. ჯერ ერთი არჩევნებში გავიდნენ და ვნახოთ, ხალხი რას ეტყვის, ამას თვითონაც ნახავენ. ამასთან, საუბრობენ რაღაც ფულზე და ჰგონიათ, რომ ამით საქართველოს მოსახლეობა უნდა იყიდონ. საერთო ჯამში, სამარცხვინოა, რომ ევროპა ქართველი ხალხის თვალში ფაქტობრივად, სალაროდ აქციეს. ისინი ევროპას რაიმე ღირებულებებით კი არ წარმოადგენენ, არამედ როგორც სალაროს, რომლისაგანაც ვიღაცამ რაღაც ფული უნდა ჩაგვირიცხოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს 14 მილიარდს ბლოკავს, რომელიც საქართველომ ევროპული ფონდებიდან უნდა მიიღოს და ქვეყანას ეკონომიკურ განვითარებაში დაეხმაროს.