შალვა პაპუაშვილი – „ჩაურევლობის პრინციპი“ გათვალისწინებულია გაეროს წესდებით – ის ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს სუვერენულ თანასწორობას და უფლებას – წარმართონ თავიანთი საქმეები გარე ჩარევის გარეშე

„ჩაურევლობის პრინციპი“ არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედი, რომელიც ნათლად არის გათვალისწინებული გაეროს წესდებით. აღნიშნული პრინციპი ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს სუვერენულ თანასწორობას და მათ უფლებას, წარმართონ თავიანთი საქმეები გარე ჩარევის გარეშე,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფიში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პაპუაშვილმა უცხოეთიდან საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი არჩევნებში ჩარევა საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპს ეწინააღმდეგება.
„პირდაპირი მნიშვნელობით, დღე არ გადის, რომ უცხოეთიდან არ იყოს რამე განცხადება, ინტერვიუ, სატელევიზიო ჩართვა, სტატია ან ვიზიტი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებს, ოპოზიციის დღის წესრიგს, და ეს ინფორმაცია შემდეგ ინაცვლებს ოპოზიციის კუთვნილ მედიაში. შედეგად, წინასაარჩევნო პერიოდში, ქართული მედია დაკავებულია უცხოეთიდან მომდინარე მოსაზრებების ტირაჟირებით, რაც საარჩევნო გარემოს არათანაბარს ხდის და მის დემოკრატიულობაზე და სამართლიანობაზე მხოლოდ ნეგატიურად ზემოქმედებს.
ამგვარი მასშტაბური ჩარევა საარჩევნო პროცესში აჩენს კითხვებს, ხომ არ არის უცხოეთიდან ჩარევა მოსახლეობის პოლიტიკური არჩევანზე ზეგავლენის და ს შედეგების მანიპულირების მიზანმიმართული მცდელობა?
სხვა ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში, განსაკუთრებით კი არჩევნებში ჩარევა ეწინააღმდეგება ჩვენს საერთო დემოკრატიულ ღირებულებებს და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპს.
„ჩაურევლობის პრინციპი“ არის წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედი, რომელიც ნათლად არის გათვალისწინებული გაეროს წესდებით. აღნიშნული პრინციპი ხაზს უსვამს ყველა სახელმწიფოს სუვერენულ თანასწორობას და მათ უფლებას – წარმართონ თავიანთი საქმეები გარე ჩარევის გარეშე.
აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია გაეროს არაერთი დეკლარაციით, რომელთა მიხედვითაც „არცერთ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა ჯგუფს არ აქვს უფლება ჩაერიოს, პირდაპირ ან ირიბად, რაიმე მიზეზით, ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს შიდა თუ გარე საქმეებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.