წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროდ, “ხედავენ გარკვეულ სვლას საბჭოთა კავშირისკენ ბრიუსელის დღევანდელი ხელმძღვანელობის ხელში”.
„პირდაპირ ჩართული იყვნენ არჩევნებში, ბალტიური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იდგნენ რადიკალური ოპოზიციის აქციაზე და დღეს ის პრემიერ-მინისტრი, ესტონეთს ვგულისხმობ, არის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში. რობერ შუმანი ალბათ საფლავში ტრიალებს, როდესაც ხედავს რა ემართება ევროკავშირს ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ხელში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ გარკვეულ სვლას საბჭოთა კავშირისკენ ბრიუსელის დღევანდელი ხელმძღვანელობის ხელში. დღევანდელ ხელმძღვანელობაში და მათ შორის წევრებშიც სხვათა შორის ბევრი არის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა თუ სოციალისტური ბანაკის წევრები. როგორც ჩანს გამოყოლილი არის ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკურ ელიტაში. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ ყველანაირად გაემიჯნონ საკუთარ საბჭოთა წარსულს და ამოაგდონ საკუთარი ისტორიიდან, ბალტიის ქვეყნებს ვგულისხმობ, და ასე ვთქვათ გადაახტნენ თავისი ისტორიის ამ ნაწილს, ჩანს, რომ რაღაც უნარები საბჭოთა კავშირიდან წამოღებული აქვს ზოგიერთს პოლიტიკურ ელიტაში. ვხედავთ პირდაპირ ჩარევას საქართველოს არჩევნებში. წარმოგიდგენიათ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური თუნდაც არა რადიკალური, რომელიმე ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! ხომ წარმოგიდგენიათ რა მოჰყვება ამას. გამოვლენ ჭკვიანური სახეებით და იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება და თვითონ, რომ ამას აკეთებენ, ეს რატომღაც ჩვეულებრივი მომენტია“, – განაცხადა პაპუაშვილმა “იმედის” ეთერში.
ასევე, პაპუაშვილმა ისუბრა ევროკომისიის წერილზე.
მისი თქმით, ევროკავშირმა “დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია” საქართველოსთან 2010 წელს დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც “სირცხვილია”
“ამ წერილიდან გავიგეთ ორი რამ: გავიგეთ რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტისთვის ვიზის აუცილებლობის შემოღება იყო 2010 წლის ხელშეკრულების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან და ფაქტია, რომ ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც, რა თქმა უნდა სირცხვილია”, – დასძინა მან.
მისი თქმით, ბრიუსელიდან გამოგზავნილი წერილი არის პირდაპირ აღიარება, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღეს და არა სამართლებრივად დასაბუთებული.
„კერძოდ, ამ წერილში ნათქვამია, რომ 2025 წლის იანვარში, მას შემდეგ, რაც ზოგად ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით გამოთქვეს საკუთარი შენიშვნები და ამ შენიშვნებზე არ იყო ადეკვატური რეაგირება, შეაჩერეს 2010 წლის ხელშეკრულება, რომელიც ერთმანეთთან კავშირში არ არის, ანუ ეს არის ზოგადი ვიზალიბერალიზაცია ყველა მოქალაქისთვის და ის არის სპეციფიური კატეგორიისთვის, დიპლომატიური პასპორტებისთვის.მეორე საკითხია, ის, თუ რაზე სურს ევროკავშირს რომ საქართველომ იმუშაოს. აქ არის პუნქტები, რომელზეც მიდის პერიოდულად მუშაობა და პარლამენტმა საგაზაფხულო მოწვევის ფარგლებში ამასთან დაკავშირებით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო. მაგალითად საკითხი მიგრაციასთან დაკავშირებით; იცით, რომ ჩვენ მივიღეთ კანონმდებლობა, იმისთვის, რომ შეიზღუდოს უკანონო მიგრაცია, შეიზღუდოს თავშესაფრის უკანონო მოთხოვნის საკითხები, ეს მნიშვნელოვანი მომენტია და კავშირშია ვიზალიბერალიზაციასთან. გავამკაცრეთ მათ შორის დეპორტაციის შესაძლებლობები და სხვათა შორის ოპოზიციიდან ზოგიერთი ამის წინააღმდეგი იყო. რაც შეეხება ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით ბრძოლას, ამ მხრივაც ხედავთ, მათ შორის, ახალ ნარკოპოლიტიკას. კორუფციასთან დაკავშირებული საკითხების მხრივაც ვხედავთ. ანუ, აქ არის ტექნიკური საკითხები, რომელიც არის საკანონმდებლო პოლიტიკის ნაწილი და რომელიც ვიზალიბერალიზაციასთან არის პირდაპირ კავშირში, ამაზე მიდის მუშაობა და ამაზე ანგარიშებიც მიწოდებული გვაქვს ევროკავშირისთვის. თუმცა, ჰოი საოცრებავ და აღმოვაჩინეთ საკითხები, რომელიც არანაირი კავშირში ვიზალიბერალიზაციასთან არ არის.ჩახედეთ რომელ ქვეყნებთან აქვს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირს, ანუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ ევროკავშირში სხვადასხვა კონტინენტიდან და შეადარეთ საქართველოს რითაც გინდათ, გინდათ გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით თუ ნებისმიერი სხვა უფლებების განხორციელებით. რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ პირველ ორ პუნქტად ჩამატებულ საკითხს, რომელიც ეხება, მათ შორის, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის გაუქმებას და გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმებას და ლგბტ უფლებების უზრუნველყოფას, ფაქტია რომ ეს არის ჩვეულებრივი საბაბი, იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი განახორციელონ საქართველოში და ამისთვის გამოიყენონ ვიზალიბერალიზაცია, როგორც იარაღი. საუბარია იმაზე, რამდენადაა ეს კავშირში ვიზალიბერალიზაციასთან, შეიძლება რაღაცა არ მოსწონთ, მაგრამ ამის გამო ევროკავშირის ბაზარზე ღვინის შეტანის ლიმიტები რომ შეზღუდონ, ეს ხომ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, იმისთვის, რომ რაღაც სადამსჯელო ღონისძიებები განახორციელონ. ამიტომ, ეს არის ამ საკითხთან აბსოლუტურად ხელოვნურად დაკავშირებული თემები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
