შალვა პაპუაშვილი – შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პირდაპირ მოუწოდა სხვა ქვეყანაში ხალხს “მაიდანისკენ” და მეორე დღეს, მისი ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა “ენჯეოებმა” “მაიდანის” მომზადება დაიწყეს

შვედეთის მაგალითზე თუ ვისაუბრებთ, ვნახეთ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, საერთაშორისო ნორმების დარღვევით: გაეროს წესდების, ვენის კონვენციის – ყველაფერი, რასაც სხვებს ედავებიან, თვითონ დაარღვია ამ ადამიანმა, გამოვიდა მიტინგზე და ხალხს მოუწოდებდა “მაიდანისკენ”, ამაზე შემდეგ ინტერვიუც მისცა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ოპოზიციის აქციაზე გამოსვლა და ყურადღება გაამახვილა შვედეთის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ერიკ ოტოსონის განცხადებაზე.
პაპუაშვილის თქმით, ოტოსონის მოწოდებიდან მეორე დღეს, მისი ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მაიდანისთვის მზადება დაიწყეს, მსგავსი განცხადებები კი მიუთითებს იმაზე, რომ კონკრეტულ პოლიტიკოსებს ქვეყნის მიმართ კეთილი ზრახვები არ აქვთ.
„შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში, აღმოჩნდა, რომ უკმაყოფილო იყო ხალხის რაოდენობით თუ იმ ტემპერატურით, რომელიც მას დახვდა და შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა პირდაპირ მოუწოდა სხვა ქვეყანაში ხალხს მაიდანისკენ და მეორე დღეს, მისი ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა დაიწყეს ამ მაიდანის მომზადება. ვხედავთ, რომ ისინი არიან თანაორგანიზატორი მათ შორის ამ აქციების, რომელიც გზის გადაკეტვას ეხება. მაშინ უკვე კითხვის ნიშანი ისმევა, ვინ ვის რაში არწმუნებს და ვინ ვის რას უკვეთავს. აქ პირდაპირ ჩანს შეკრული წრე, რა თქმა უნდა [პროცესი პირიქით არის], თავადვე თქვეს, მათ შორის, ღიადაც განაცხადეს, რომ ამ შეხვედრებზე, ამ შვიდეულთან თუ რვა ადამიანთან, ვინც ჩამოსული იყო, ისინი მოუწოდებდნენ, რომ იყავით უფრო ხმამაღალი, გაგვაგონეთ ხმა, აწიეთ ტემპერატურა.
წარმოგიდგენიათ როგორ ევროპელებთან გვაქვს საქმე? ჩამოვიდნენ ქვეყანაში, რომ არიონ ქვეყანა. ამის შემდეგ როგორ შეიძლება ჩვენ ამ წარმომადგენლებიდან ვინმე გველაპარაკოს რაიმე ღირებულებაზე, ევროპულ ღირებულებაზე კი არა, ეს ადამიანური ღირებულებების მიღმაც არის, რაც მათ ჩაიდინეს – შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა მაიდანისკენ მოუწოდა. შეიძლება ამას კეთილი განზრახვით ვინმე აკეთებდეს საერთოდ? მტერსაც შეიძლება არ უსურვოს ადამიანმა და რა მოყვრობაზე გველაპარაკება ეს კონკრეტული პოლიტიკოსი, ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც ჩადის სხვა ქვეყანაში, გეუბნება, ქართველო ხალხო, მეგობარი ვარ და მოდი, იქნებ ერთმანეთს დასცხოთ რამენაირადო – ამას რომ აკეთებს ევროპელი პოლიტიკოსი, ვფიქრობ, გასაგებია იქ, რომ კეთილი ზრახვები არ არის“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა “იმედის” ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ