პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათგან რაიმეს დაგმობა არაგულწრფელია მანამდე, სანამ ისინი შვედეთის ხელისუფლების წევრის „ერიკ ოტოსონის მიერ საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას არ დაგმობენ“.
პაპუაშვილი გამოხმაურებასთან ერთად „ფეისბუქზე“ აქვეყნებს 2024 წლის ნოემბერში, ოტოსონის მიერ გაკეთებული განცხადების ამსახველ ვიდეოს, სადაც ის საქართველოს მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პროტესტისკენ მოუწოდებს.
„სანამ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ დაგმობს მისი ხელისუფლების წევრის, ერიკ ოტოსონის მიერ, 2024 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, მანამდე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან საქართველოში რაიმეს დაგმობა არაგულწრფელი და არასერიოზულია”,- წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაში ევროკავშირის პრესსპიკერის ანუარ ელ ანუნის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ შვედეთი ევროკავშირისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას გმობს.
„ვგმობთ საქართველოს მიერ ევროკავშირისა და მისი ელჩის წინააღმდეგ გავრცელებულ დეზინფორმაციას“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში, რომელიც სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა.
