შემაშფოთებელია, შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ, ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების საკითხის, ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად დასახელება, რაც ეწინააღმდეგება გაწევრიანების ფორმალურ მოთხოვნებს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც სოციალურ ქსელში შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის მიერ გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაარეგულიროს ერთნაირსქესიანი პარტნიორობა და ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია განიმარტოს არის თუ არა შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული, ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიცია, კანდიდატ ქვეყნებთან გადაწყვეტილებების მიღებისაგან დაკავშირებით.
„შემაშფოთებელია, შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ, ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების საკითხის, ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობად დასახელება, რაც ეწინააღმდეგება გაწევრიანების ფორმალურ მოთხოვნებს.
იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირის ერთ წევრსაც შეუძლია კანდიდატი ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის დაბლოკვა, მნიშვნელოვანია, შვედეთის საელჩომ განმარტოს, არის თუ არა, შვედეთის პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული, ერთნაირსქესიანი ქორწინების დაკანონების მოთხოვნა, შვედეთის ოფიციალური პოზიციის ნაწილი, კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა გუშინ სოციალურ ქსელში შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:
„დღეს საგერსკაში უკრაინელი LGBTQI ვეტერანები მივიღე. როდესაც ისინი ფრონტის ხაზზე სიცოცხლეს რისკავენ და სხვა გზებით მონაწილეობენ წინააღმდეგობაში, ისინი უკრაინის დაცვას ეხმარებიან. თუმცა, ისინი ასევე იმ ლიბერალური ღირებულებების ცოცხალი გამოხატულება არიან, რომელთათვისაც უკრაინა იბრძვის.
დღეს, ერთსქესიან წყვილებს უკრაინაში არ შეუძლიათ ქორწინება ან რეგისტრირებული პარტნიორობა. ყველა უმცირესობის, მათ შორის LGBTQI თემის, უფლებების სრული სამართლებრივი დაცვა ჩვენთვის უკრაინის ევროკავშირთან მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ მხარს ვუჭერთ. როგორც უკრაინის ძლიერი მხარდამჭერი, შვედეთი ყურადღებით დააკვირდება ამ ყველაფრის შესრულებას.“- დაწერა მან.
