შალვა პაპუაშვილი – ყველა ნიშანი აჩვენებს იმას, რომ არის ჯგუფი, რომელიც ემზადება გადატრიალებისთვის – ათასობით ე.წ. დამკვირვებლის ფუნქცია საარჩევნო უბნებზე პანიკის ატეხა და ისტერიის შექმნა იქნება

ფაქტია და ყველა ნიშანი აჩვენებს იმას, რომ არის ჯგუფი, რომელიც ემზადება გადატრიალებისთვის. არანაირი რევოლუცია და ამის რომანტიზება არ შეიძლება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, გადატრიალებისთვის ამზადებენ საბაბს არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებით, რომლებმაც 2020 წლის მსგავსად, ახლაც არასწორი ანგარიშები უნდა შეადგინონ.
„ემზადებიან გადატრიალებისთვის, რასაც 2020 წელს აპირებდნენ და მაშინ არ გამოუვიდათ. ამ გადატრიალებისთვის ამზადებენ საბაბს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით, ზუსტად იმ NGO-ების გამოყენებით, რომლებიც საარჩევნო აქციებს მართავენ და საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები, ყალბი ანგარიშები შეადგინონ, როგორც ეს 2020 წელს გააკეთეს ყალბი PVT-ის გავრცელებით, იმისთვის, რომ შეიქმნას საბაბი გადატრიალებისთვის. ამისთვის ემზადებიან სინამდვილეში. ასე რომ, ფხიზლად უნდა იყოს ჩვენი ხალხი და მთავარი ანტიდოტი ასეთი არაქართული ძალებისთვის არის მოსვლა არჩევნებზე და დამაჯერებელი დამარცხება ამ არაქართული ძალების“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, იმ ათასობით ე.წ. დამკვირვებლის ფუნქცია, რომელსაც ადგილობრივი ორგანიზაციები არეგისტრირებენ, საარჩევნო უბნებზე პანიკის ატეხა და ისტერიის შექმნა იქნება. „პირდაპირ გამიზნული ყალბი ანგარიშების შედგენის პროცესს ვაკვირდები რამდენიმე NGO-ს მხრიდან იმისთვის, რომ შეიქმნას საბაბი საქართველოში გადატრიალებისთვის,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო გარემოც შეაფასა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მშვიდი საარჩევნო გარემოა, რასაც ეუთო/ოდირის დასკვნაც ადასტურებს, თუმცა, ასევე ჩანს მცდელობები იმისა, რომ რაიმენაირად შეიქმნას საინფორმაციო ხმაური [ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან]
„მიზანი ნათელი არის, აქ, ერთ-ერთი აქტორი გახლავთ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად ცნობილი ორგანიზაცია და ასევე, სხვა ორგანიზაციებსაც ვხედავთ, პირდაპირ ჩართული არიან საარჩევნო კამპანიაში. არ ვიცი, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ 20 ოქტომბერს ეს იყო „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საარჩევნო ღონისძიება? მე მგონი, ამაში ეჭვი არავის ეპარება. თუ ეს იყო ერთ-ერთი პარტიის საწინააღმდეგო, ეს გახლდათ ზუსტადაც, რომ საარჩევნო ღონისძიება, რომელიც ამ ე.წ. დამკვირვებლების მხრიდან იყო უცხოური ფულით დაფინანსებული. მიზანი მარტივი არის, ვხედავთ,რომ არის მზადება 2020 წლის სცენარის გამეორებისკენ, რომ დაიწეროს ყალბი ანგარიშები ადგილობრივი ორგანიზაციების მხრიდან იმისთვის, რომ შეიქმნას ყალბი საბაბი შემდეგ არეულობისთვის საქართველოში. ეს უკვე ყველაფერში ჩანს, რომ არის მზადება, იმისათვის, რომ მოხდეს არადემოკრატიული გზით ხელისუფლების რაიმენაირად ხელში ჩაგდება და ამაში ჩართული არიან ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ერთის მხრივ, ყალბი ანგარიშებით, როდესაც ხდება ცრუ ბრალდებების წამოყენება და მეორეს მხრივ, ღიად ხდება ოპოზიციის მხრიდან მომდინარე დარღვევებზე ხელის დაფარება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ