მე ვერ ვხვდები, რა გაიძულებთ ტყუილების საუბარს, განსაკუთრებით, არჩევნების დღეს. ყველა არჩევნებზე ტიპურ ცრუ ნარატივებს ავრცელებთ. მგონი, ჩამოწერილი გაქვთ. მათ შორის, თითქოს, ხდება თანხის დარიგება და ა.შ. – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ სავარაუდო დარღვევებს შეეხებოდა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ყველა ჯერზე დამტკიცდა, რომ ეს იყო ტყუილი“.
„რა გაიძულებთ ტყუილებს, რატომ იტყუებით? მე ვერ ვხვდები რა გაიძულებთ ტყუილების საუბარს, განსაკუთრებით, არჩევნების დღეს. რაც შეეხება „ლელოს“ და ხაზარაძეს, თქვენს ტელევიზიას, გეტყვით, რომ მაგალითად ოზურგეთში უბნებზე „ლელოს“ წარმომადგენლებმა უარი თქვეს გადასატან ყუთებს გაჰყოლოდნენ, 20-მდე უბანზე, რაც არის დარღვევა. ასევე, ბათუმში მეორედ შევიდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი უბანზე და გახდა მისი გაყვანის საჭიროება. რატომ იტყუებით ვერ ვხვდები? არის ტიპური ცრუ ნარატივები, რომელსაც ყოველ ჯერზე „ფეიკმედია“ ავრცელებს და ამ შემთხვევაში, „ლელოს“ მედია განსაკუთრებით გამორჩეულია. ყველა არჩევნებზე ტიპურ ცრუ ნარატივებს ავრცელებთ, მგონი, ჩამოწერილი გაქვთ. მათ შორის, თითქოს, ხდება თანხის დარიგება და ა.შ. იცით, რომ ყველა ჯერზე დამტკიცდა, რომ ეს იყო ტყუილი. ამოიღეთ შარშანდელი კადრები ან წინა არჩევნების კადრები, ნახავთ. არჩევნების დღეს სიცრუის გავრცელება თავის მხრივ არის მედია სტანდარტის დარღვევა.
რადიკალურ ოპოზიციას და „ენჯეოებს“ აქვთ დაანონსებული, რომ ისინი აპირებენ არჩევნების საბოტაჟს, მათ შორის, იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი, დღეს ციხეშია იმ ბრალდებით, რომ ის მოუწოდებდა უბნების დარბევაზე. ახლა უკვე 2 საათია მიმდინარეობს არჩევნები, მშვიდი ვითარებაა. კარგია, რომ ვერავინ ბედავს ჩაიდინოს სისხლის სამართლის დანაშაული. გუშინ პრემიერმა მკაფიოდ თქვა, თუ რამდენად მძიმეა ასეთი ტიპის დანაშაული. რა თქმა უნდა, ყველა ასეთ შემთხვევას გაეცემა შესაბამისი პასუხი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გარკვეულ საარჩევნო უბნებზე თბილისში მათ წარმომადგენლებს ვიდეომონიტორინგის უფლებას არ აძლევენ, პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ უბნებზე დაყენებულ კამერებს არასამთავრობო ორგანიზაციები გასულ წელს აპროტესტებდნენ, დღეს კი ამაზე ხმას არავინ იღებს.
„იცით, რომ „ქართულ ოცნებასაც“ აქვს კამერები. შარშანდელ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ყველა უბანზე კამერა და მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებდნენ, რომ არ შეიძლება კამერები იყოს უბანზეო. დღეს რატომ არავინ იღებს ხმას „ლელოს“ კამერებთან დაკავშირებით? მაშინ არ მახსოვს „ლელო“ აპროტესტებდა თუ არა, მაგრამ სავარაუდოდ, მაშინ „ლელოც“ მხარს აუბამდა არასამთავრობო ორგანიზაციებს. წელს თავად აყენებენ კამერებს. სხვათა შორის, ჩვენზე კარგი კამერები აქვთ, ცოტა არ იყოს თეთრი შურით გვშურს. კი ბატონო ჩართონ! ჩვენც ვისარგებლებთ მათი ლაივით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
