საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქული თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და თურქეთს სოლიდარობას უცხადებს.
„ღრმად დამწუხრებული ვარ საქართველოში თურქეთის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული კატასტროფის გამო. ჩემი ფიქრები ეკიპაჟის დაღუპული წევრების ოჯახებთანაა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს ამ მწუხარების დროს“, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ X-ში.
ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც პირველადი ინფორმაციით, ასრულებდა რეისს აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
აზერბაიჯანული გამოცემა APA-ს თურქული ბიურო, თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა.




