ქართველი ხალხის სათქმელი, საბოლოოდ, მას [ჟიგიმანტას პავილიონისს] ლიეტუველმა ხალხმა უთხრა და ხელისუფლებას ჩამოაცილა – როგორც ჩანს, არა მხოლოდ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არამედ ლიეტუველი ხალხის წინააღმდეგაც მავნე საქმიანობით იყო დაკავებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ლიეტუველი, ესტონელი, გერმანელი, ფრანგი თუ პოლონელი ხალხის ინტერესებში „ქართველი ხალხისთვის ზემოდან ყურება და საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა არაა“.
„ქართველი ხალხის სათქმელი, საბოლოოდ, მას [ჟიგიმანტას პავილიონისს] ლიეტუველმა ხალხმა უთხრა და ხელისუფლებას ჩამოაცილა. როგორც ჩანს, არა მხოლოდ ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არამედ ლიეტუველი ხალხის წინააღმდეგაც მავნე საქმიანობით იყო ეს ადამიანი დაკავებული. ამიტომ, ლიეტუველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება და ჩამოაცილა ის და მისი პარტია ხელისუფლებას. ეს ხალხია ის, ვისაც ადრეც ვხედავდით აქციებზე, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ლანდსბერგისს, რომელიც მისი პარტიის თავმჯდომარეა. ისინი საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევით, გაერო-ს წესდების უხეში დარღვევით, ქართველი ხალხის უხეში უპატივცემულობით ჩამოდიოდნენ ჩვენს ქვეყანაში და აქციებს გვიმართავდნენ. ასე რომ, თავად საკუთარმა ხალხმა გასცა მათ პასუხი. ასევე, სხვებს საბოლოოდ, თავისი ხალხი გასცემს პასუხს. არც ლიეტუველი, არც ესტონელი, არც გერმანელი, ფრანგი თუ პოლონელი ხალხის ინტერესებში არაა ქართველი ხალხისთვის ზემოდან ყურება და საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა. ასე რომ, ადრე თუ გვიან ყველა ამ ადამიანებს საკუთარივე ხალხი გასცემს პასუხს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.