შალვა პაპუაშვილი ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდებს, „ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიაში ჩასართავად თითო წარმომადგენელი დაასახელონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო ფრაქციებსა და პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდებს, „ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიაში ჩასართავად თითო წარმომადგენელი დაასახელონ.
როგორც პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რეგლამენტის თანახმად, კომისიის წევრების ნახევარი უმრავლესობიდან, ნახევარი კი ოპოზიციიდან უნდა იყოს, თუმცა მისივე განმარტებით, თუ ოპოზიციის წარმომადგენლობა საკმარისი არ იქნება, შესაძლებელია, ეს ბალანსი დაცული არც იყოს.
„კონსტიტუციური კანონის პროექტი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ და ამავე პაკეტში კანონის პროექტი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ – ეს პროექტი გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად და ასევე, საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის შექმნისთვის დადგენილების პროექტის მოსამზადებლად.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ყველა ფრაქციასა და პოლიტიკურ ჯგუფს შემდეგი წინადადებით, რომ დაასახელონ თითო წარმომადგენელი საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიაში. ზოგადად, რეგლამენტით ასეთი წესია, რომ შემადგენლობა უნდა იყოს შეძლებისდაგვარად ისე, რომ ნახევარი იყოს უმრავლესობიდან, ნახევარი კი ოპოზიციიდან. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციიდან არ არის საკმარისი წარმომადგენლობა, შეიძლება ეს ბალანსი არც იყოს დაცული. გვქონია ასეთი შემთხვევები.
მივმართავ ოპოზიციას, გამოიყენონ შესაძლებლობა, ჩაერთონ დისკუსიაში, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ამ კომისიის ამოცანაა საზოგადოებასთან, მათ შორის რეგიონებში შეხვედრების ორგანიზება და ამ კანონპროექტის გაცნობა საზოგადოებისთვის, მათი აზრის მოსმენა, რას ფიქრობენ, უნდა იყოს თუ არა კონსტიტუციური კანონით მოწესრიგებული ესა თუ ის საკითხი და როგორ უნდა იყოს მოწესრიგებული. ეს არის დემოკრატიის მთავარი გული, როდესაც ხალხს აქვს შესაძლებლობა, გვითხრან საკუთარი მოსაზრებები“,- განაცხადა შალა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილი განმარტავს ვადებს, რის მიხედვითაც კონსტიტუციური კანონის პროექტს ჯერ საჯარო ფორმატში, შემდეგ კი პარლამენტში განიხილავენ.
„საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს აქვს მაქსიმუმ 1 კვირა, რათა ხელმოწერები გადაამოწმოს და დადგენილების პროექტი მოამზადოს, რომელსაც შემდეგ სასესიო კვირაში განვიხილავთ. ამ დადგენილებით შევქმნით სახალხო განხილვის კომისიას, რომელსაც შემდეგ ექნება 1 თვე იმისთვის, რომ ჩაატაროს ეს შეხვედრები. ბოლოს, საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია პარლამენტს მოახსენებს, რა არის განხილვების შედეგი. პარლამენტი კომიტეტებს და პლენარული სხდომის ფორმატში განიხილავს კონსტიტუციური კანონის პროექტს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – გამოდიან მოლაპარაკებაზე ივანიშვილისგან, რომ კობახიძე და დღევანდელი მთავრობა გაქრება პოლიტიკური სპექტრიდან, თუ ოპოზიცია თანახმა იქნება, დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან – ეს სიგნალი ქვეყნის ფარგლებში არ ყოფილა