პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ფანტაზიებს“ უწოდებს გიორგი გახარიას პარტიის განცხადებას მის სავარაუდო დანაშაულზე და იმაზე, რომ „ოცნება“ ზონდერებს გაურიგდა“.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თავად ოპოზიციას ჰქონდა ძალადობის კამპანია და ახლა მოსახლეობის დაშინება უნდათ, რათა კრიტიკული კითხვები არ დასვან.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანაში არანაირი ძალადობა არ იქნება.
„ამ ფანტაზიებს რა პასუხი უნდა გავცეთ?! საქმე ისაა, რომ ქართველი ხალხი ხედავს, რა პოლიტიკურ პლატფორმაზე დგას ესა თუ ის პარტია. ქართველი ხალხი ხედავს 12-წლიან უწყვეტ მშვიდობას ამ ქვეყანაში. ქართველი ხალხი ხედავს, საით მიაქანებს ოპოზიცია მათ – ეს არის ომი, ძალადობა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციასთან ასოცირდება. რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში იყო ძალადობის სისტემის შემქმნელი. ამ სისტემის შემქმნელები დღეს ევროკავშირს აფარებენ თავს და სამწუხაროდ, დღემდე ვერ შევძელით, რომ გადმოგვცენ ის კრიმინალები, რომლებიც თავს აფარებენ ევროკავშირის ტერიტორიას. ძალადობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ვიხილეთ ოპოზიციიდან, როდესაც ისინი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ აწარმოებენ ძალადობას. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან. ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი, როდესაც ტერორის კამპანია ხდებოდა უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული NGO-ების მხრიდან პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. გახსოვთ, პოლიტიკური თანამდებობის პირების პირადი ტელეფონის ნომრების გასაჯაროება, მუქარა, დარეკვა მათ ოჯახის წევრებთან. მთელი კამპანია იყო ძალადობის. სასაცილოა, როდესაც ოპოზიცია საუბრობს, რომ მათ რაღაც შიში აქვთ ძალადობის. ქვეყანაში არანაირი ძალადობა არ იქნება. ყველას მოვუწოდებ, შეხვდნენ მოსახლეობას. მეორე საკითხია, რა აქვთ მათ სათქმელი მოსახლეობასთან და რა ექნება მათთვის სათქმელი მოსახლეობას.
გასაგებია, ისინი რასაც გულისხმობენ ძალადობის მოწოდებასთან დაკავშირებით – ჩემს სიტყვებს, როდესაც ვთქვი, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმ ყველაფრისთვის, საითაც ისინი სახელმწიფოს მოუწოდებენ. პასუხს მოსთხოვენ პოლიტიკურად. აქ ჩანს მათი დაშინება – მათ უნდათ მოსახლეობა დააშინონ, რომ კრიტიკული კითხვები არ დაუსვან. როდესაც ვინმე კრიტიკულ კითხვას დასვამს, მონათლავენ როგორც ძალადობას. იციან, რომ მოსახლეობას კითხვები ექნება მათ მიმართ. იმისთვის, რომ ეს კითხვები არ დაისვას, დააცენზურონ და გააჩუმონ კრიტიკოსები, მიმართავენ დაშინების მეთოდს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ წინასაარჩევნო კამპანიისას სავარაუდო დანაშაულზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ოცნება“ წინასწარ გაურიგდა ზონდერებს, რომ მათ ამნისტიას შეახებდა იმ გათვლით, რომ შემდეგ ისინი წინასაარჩევნოდაც გამოეყენებინა. მისი თქმით, „მალევე, საზოგადოებამ იხილა პაპუაშვილის მოწოდება ძალადობისკენ“.