შალვა პაპუაშვილი – უცხოელების მხრიდან ვხედავდით კრიტიკას „ქართული ოცნების“ კამპანიაზე და სიჩუმეა, როდესაც ზიზღის და ძალადობის კამპანიას ვხედავთ ოპოზიციისგან – ფრონტია შეკრული, რომ ჩვენთვის არათანაბარი პირობები შექმნან

ზოგი უცხოელის მხრიდან ვხედავდით კრიტიკას „ქართული ოცნების“ კამპანიაზე და აბსოლუტური სიჩუმეა, როდესაც ზიზღის და ძალადობის კამპანიას ვხედავთ ოპოზიციისგან – ფრონტია შეკრული ადგილობრივ დამკვირვებლებსა და ოპოზიციას შორის იმისთვის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ არათანაბარი პირობები შექმნან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერებს, სადაც აღნიშნულია: „აირჩიე ერთიანობა მოიშორე „ქართული ოცნება“.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ბრაზდებიან, როდესაც ხედავენ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები თვალს ხუჭავენ დარღვევებზე, რომელიც „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ხდება.
„ესეც პირის შეკვრის შედეგია, რაც ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ხდება, როდესაც პირდაპირ ზიზღის კამპანიაა წამოწყებული „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ბანერი ერთ-ერთი გამოხატულებაა. ნული რეაგირება არის არასამთავრობო ორგანიზაციების და დამკვირვებლებისგან. გვახსოვს უცხოელების განცხადებები ჩვენს კამპანიასთან დაკავშირებით, ვხედავთ, რომ ჩუმად არიან „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რატომ არ შეიძლება უცხოელი აქტიური იყოს არჩევნებში.
ზოგი უცხოელის მხრიდან ვხედავდით კრიტიკას „ქართული ოცნების“ კამპანიაზე და აბსოლუტური სიჩუმეა, როდესაც ზიზღის და ძალადობის კამპანიას ვხედავთ ოპოზიციისგან იქნება ეს ბანერები თუ მივარდნები. ამ ზიზღის კამპანიის გამო გარდაიცვალა ჩვენი ერთ-ერთი მხარდამჭერი. არავინ ამოიღო ხმა. საია-მ ისიც კი არ იკადრა, რომ ანგარიშში ჩაეწერა, უარი თქვეს ადგილობრივმა დამკვირვებლებმა ასახვაზე.
ფრონტია შეკრული ადგილობრივ დამკვირვებლებსა და ოპოზიციას შორის იმისთვის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ არათანაბარი პირობები შექმნან. კვლევებიც ძალიან კარგად აჩვენებს, რომ ქართველი ხალხი კიდევ უფრო ბრაზდება, როცა ხედავს, რომ უცხოელები ხელებს აფათურებენ ჩვენს პოლიტიკაში და ფიქრობენ, რომ მათი მითითებებით უნდა მიიღოს ხალხმა გადაწყვეტილება. ხალხი ბრაზდება, როდესაც ხედავენ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები თვალს ხუჭავენ დარღვევებზე, რომელიც „ქართული ოცნების” წინააღმდეგ ხდება, ეს აბრაზებს ჩვენს ამომრჩეველს. ამას არჩევნებში გამოხატავენ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – არც თანამედროვე, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და არც ისტორიულ წარსულში უცხო ქვეყნის ჩარევა ჩვენთვის უცხო ხილი არ ყოფილა, ყველა ქვეყანა, მეზობელი თუ შორეული, თავისი ინტერესის სასიკეთოდ მოქმედებს

მამუკა მდინარაძე – გვაქვს საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ – მალე, გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად