საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ საჯარო სამსახურის თანამშრომლებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება.
პაპუაშვილის თქმით, საჯარო სამსახურში მუშაობისთვის ქართული ენის ცოდნა ყოველთვის მთავარი კრიტერიუმი იქნება.
„ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორც მოქმედებს პროპაგანდა და დეზინფორმაცია და რა ძალა აქვს 21-ე საუკუნეში, როგორ შეუძლია იმოქმედოს ადამიანის ტვინებზე, ემოციებზე. ეს არის რბილი ძალა, ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები, რასაც პროპაგანდა და დეზინფორმაცია ჰქვია. ეს აბსოლუტური ტყუილია. საქმე, სინამდვილეში მარტივადაა. საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფო ენად ქართულს, აფხაზეთში – აფხაზურს. როგორც კონსტიტუციით, ასევე კანონმდებლობით, საჯარო სამსახურის წარმოების ენა არის ქართული. აქედან გამომდინარე, ავტომატურადაა დადგენილი, რომ ნებისმიერი საჯარო წარმოება, სახელმწიფო ენაზე წარმოებს. რაც შეეხება რეგულაციებს საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით, როდესაც საუბარია ცენზზე, რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ, ასაკი და ა.შ. არის ქართული ენის ცოდნაც. ეს ასეცაა და არაფერი შეცვლილა. რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს, იქ შესაძლებლობაა, რომ ვინაიდან, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სპეციალისტების დასაქირავებლად ამა თუ იმ ინსტიტუციაში, შესაძლებლობაა, რომ მაგალითად, უცხოელი ექსპერტი იყოს დაქირავებული, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ საჯარო ხელისუფლების სტრუქტურულ ერთეულებზე, სადაც ქართულ სახელმწიფო ენაზე მიდის წარმოება და დოკუმენტები იქმნება ქართულად, თანამშრომლებთანაც ურთიერთობა ქართულადაა, კრიტერიუმი, რა თქმა უნდა, არის ქართული ენის ცოდნაც. მათ შორის, კანონს თუ ჩავხედავთ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართისთვისაც არსად წერია, რომ ქართული ენა უნდა იცოდეს, მაგრამ რა გგონიათ, საკონსტიტუციო სასამართლოში ვინმე აირჩევა, ვინც ქართული ენა არ იცის? წვრილმანი დეზინფორმაციაა. ქართული ენის ცოდნა იქნება ყოველთვის მთავარი კრიტერიუმი, რათა საჯარო სამსახურში იმუშაო.
ან ასეთი ტყუილი ვის უნდა დააჯერონ – სახელმწიფო წარმოებაზე, სადაც ყველა დოკუმენტი ქართულად იწარმოება, როგორ შეიძლება იმუშაოს ადამიანმა, რომელმაც სახელმწიფო ენა არ იცის? მაგრამ ეს მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ანტიქართული პროპაგანდაა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული დეზინფორმაციას სათავე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაუდო, რომლის ერთ-ერთი დამფინანსებელიც, პაპუაშვილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთია. სწორედ ამიტომ, შალვა პაპუაშვილი მიმართავს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, ან თავად მოუხადოს ბოდიში ქართველ ხალხს დეზინფორმაციისთვის, ან საია-ს მოსთხოვოს ამის გაკეთება.
„ამის სათავე იყო საია-ს ხელმძღვანელის განცხადება, რომელმაც სათავე დაუდო ამ დეზინფორმაციას. საია-ს რაღა უნდა მივმართო, მათი დესტრუქცია გასაგებია. მაგრამ საია-ს ჰყავს უცხოური დამფინანსებელი, მათ შორის ბრიტანეთია ერთ-ერთი. ბოლო პერიოდში ბრიტანეთის ელჩია საკმაოდ აქტიური თავისი განცხადებებით და ქართველი ხალხისთვის მორალის კითხვით დაკავებული. საია-ს ვერ მივმართავ, მაგრამ ვისურვებდი, რომ ბრიტანეთის ელჩმა, რომელიც მაღალი სიხშირით, ვიდეო მიმართვებით გვამახსოვრებს თავს, ან მის მიერ დაფინანსებულ საია-ს მოსთხოვოს, რომ ეს პროპაგანდა უარყოს და თქვას სიმართლე, მოიხადოს ბოდიში ქართველი ხალხის წინაშე, ან თავად ბრიტანეთის ელჩმა უარყოს ეს დეზინფორმაცია. კარგი იქნებოდა, თუ ბრიტანეთის ელჩი ბოდიშს მოუხდიდა ქართველ ხალხს იმ ანტიქართული დეზინფორმაციისთვის, რომელსაც მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ავრცელებს. შეუძლებელია, ერთი მხრივ, ისარგებლო იმ პრივილეგიით, რომ სხვა ქვეყანაში შენი ბიუჯეტის ფულით აფინანსო ორგანიზაციები, ეს ორგანიზაციები შემდგე მავნებლობდნენ, ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, ფაქტობრივად ჰიბრიდულ ომს აწარმოებდნენ ხალხის წინააღმდეგ და შენ გულ-ხელ დაკრეფილი იჯდე, ვიდეოებს წერდე და მორალს უკითხავდე ქართველ ხალხს. ამიტომ, ვისურვებდი, რომ ბრიტანეთის ელჩის შემდეგი ასეთი ვიდეომიმართვამდე ან საია-ს ჰქონდეს ბოდიში მოხდილი და განმარტებული, ან თავად ბრიტანეთის ელჩმა განმარტოს, უარყოს ეს დეზინფორმაცია. რა თქმა უნდა, თუ ბოდიშს მოიხდიდა, რომ მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ავრცელებდა ამ დეზინფორმაციას, ეს კიდევ უფრო სულმაღალი ქცევა იქნებოდა მისი მხრიდან.
ასევე ვისურვებდი, ბრიტანეთმა არ მისცეს თავშესაფარი დავით კეზერაშვილს. ვიცით, რომ ბრიტანეთში ეს საერთაშორისო კრიმინალი თავისუფლად გადაადგილდება და იქიდან აფინანსებს რადიკალური ოპოზიციას და რადიკალურ „ენჯეოებს“. ბრიტანეთში ამ ადამიანს თავისუფალი მიმოსვლა აქვს და ბრიტანეთის ელჩისგან დღემდე არ გვსმენია პოზიცია ამასთან დაკავშირებით – ქართველი ოლიგარქი კეზერაშვილი, რომელიც საერთაშორისო კრიმინალია, რატომ აქვს შესაძლებლობა ბრიტანეთში თავისუფლად იმოძრაოს და არის თუ არა ნება, რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც ის ბრიტანეთში მოხვდება, გადმოსცენ ის ქართულ მართლმსაჯულებას. მითუმეტეს, რომ სტრასბურგმაც დაადასტურა მისი დანაშაული ქართველი ხალხის და ჯარის წინაშე “,- განაცხადა პაპუაშვილმა.