საქართველოს გამოწვევა და პრობლემა არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაციაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისიის ნაბიჯებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, პოლარიზაცია პრობლემა არის მაშინ, როდესაც ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უუნარო, საქართველოში კი ასეთი რამ არ არის.
„რაც შეეხება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას – იცით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხს, თავისთავად ინსტიტუციურ ნაწილს კურირებს, მაგრამ ზოგადად იცით, რომ დეზინფორმაცია ისედაც არის ჩვენი ყურადღების ცენტრში და ამას ისედაც ვებრძვით ყოველდღიურად ჩვენი განცხადებებით ვებრძვით. სხვა საკითხები როგორიც არის დეპოლარიზაცია, სასამართლო რეფორმის საკითხები, საარჩევნო საკითხები, ანტიკორუფციული და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საკითხები – ყველა ამ საკითხს განვიხილავთ.
საქართველოს გამოწვევა და პრობლემა არ არის პოლარიზაცია. სხვა დროსაც მითქვამს, ზოგადად, პოლარიზაცია არის თანამედროვე პოლიტიკის ნაწილი, როდესაც მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული სიუხეშე დისკუსიას ყველა ქვეყანაში შეეტყობა, მათ შორის, სოციალური ქსელების ფართო გამოყენებიდან გამომდინარე. პოლარიზაცია პრობლემა არის მაშინ, როდესაც სახელმწიფოს და ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უუნარო. როდესაც პრობლემები არის გადაწყვეტილების მიღებაში. საქართველოში ასეთი რამ არ არის, ჩვენ გვაქვს მყარი უმრავლესობა პარლამენტში, მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებს. საქართველოში რაც არის პრობლემა, ეს არის რადიკალიზაცია. ის, რომ ოპოზიციას არ სურს აღიაროს ხელისუფლების ლეგიტიმაცია და ის, რომ ოპოზიციას სურს სხვა მეთოდებით მოვიდეს ხელისუფლებაში, ვიდრე ეს არის დემოკრატიული მეთოდები,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.