საქართველოს თავდაცვის ძალებს გაკისრიათ განსაკუთრებული მისია წინა ხაზზე ფხიზლად იდგეთ და დაიცვათ ჩვენი ქვეყანა ნებისმიერი მტრისგან, რომელიც ქართულ სახელმწიფოებრიობას შეიძლება ემუქრებოდეს! – ეს მისია კიდევ უფრო აქტუალურია იმ პირობებში, როდესაც რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ორი რეგიონი! – ამ განცხადებით მიმართა თავდაცვის ძალებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ვაზიანში, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა პაპუაშვილმა იმით დაიწყო, რომ უკვე სამი წელია ევროპაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს.
„ჩვენ გარშემო კონფლიქტები არა თუ იკლებს, არამედ მრავლდება. კონფლიქტურ დროში კომპლექსური პასუხებია საჭირო. შეშლილი სამყაროს შემხედვარე მხოლოდ სიბრძნე, წინდახედულობა და საზოგადოების ერთიანობა გადაგვარჩენს. ასე იყო ისტორიულად და ასეა დღესაც! ამიტომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს, რომ ჯართან ერთად სახელმწიფოს დაცვა საზოგადოებასაც ევალება – განსაკუთრებით კი, დღევანდელი ჰიბრიდული ომების ეპოქაში.
ჯარისა და ხალხის, ერისა და ბერის, მთელი საზოგადოების ერთსულოვნება არის უმთავრესი საწინდარი ქვეყნის სიმტკიცის მთლიანობის, ბრძოლისუნარიანობის და წინააღმდეგობის გზაზე. თითოეული მოქალაქე უნდა აცნობიერებდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები ვართ, რომ ჩვენ მხოლოდ ერთი დროშა გვაერთიანებს – ის დროშა, რომელიც თქვენს ხელში ამაყად ფრიალებს“, – მიმართა ჯარს პაპუაშვილმა.
მისივე შეფასებით, „განვლილი 3 წლის განმავლობაში ვნახეთ ინტერესი და მცდელობა, საქართველო დიდი ქვეყნების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში ომის ასპარეზად ქცეულიყო“.
მისივე განცხადებით, სახელმწიფოს ძალისხმევას, თავიდან აირიდოს ომის საფრთხე და პროვოკაცია, ზურგს უმაგრებს ქართული ჯარის სიმტკიცე, ურყეობა, გაბედულება, ყველგან და ყოველთვის, თავგანწირვითა და გმირობით დაიცვას სამშობლო, მხარდამხარ იბრძოლოს და შეასრულოს ყველა დაკისრებული მისია.
„ჩვენ ვგრძნობთ ამ სულისკვეთებას, ამ ზურგს და ამ მზაობას. ჩვენთვის თითოეული ჯარისკაცი ძვირფასი და მოსაფრთხილებელია. განვლილი სამი წლის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ინტერესი და მცდელობა, საქართველო ომის ასპარეზად ქცეულიყო დიდი ქვეყნების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში. ეს მკაფიო მაგალითი ყველამ კარგად უნდა გაისიგრძეგანოს, ზუსტად გაიგოს, თუ რა ავირიდეთ თავიდან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
