საქართველოს გადაკიდებული უცხოელი პოლიტიკოსების ვიზიტის მიზანია ჩამქრალ ცეცხლზე ნავთის დასხმა, წაგებულ დღის წესრიგზე ჩაბღაუჭება და შემოტრიალება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რეგიონული ომებისა და კრიზისების ფონზე მმართველი გუნდის უმთავრესი მიზანია ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, რაც გადის მშვიდობის შენარჩუნებასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე.
„ქუჩაში ვითარება ჩაცხრა, აგრესიულ ჯგუფთა უმრავლესობა გაუვნებელყოფილია. ცხოვრება თანდათანობით ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ყველას მოუწევს ქართველი ხალხის არჩევანის მიღება და აღიარება, რადგანაც ის სრულ სიმართლეზეა დაფუძნებული. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ კიდევ ერთ და იმედია უკანასკნელ გაბრძოლებას, საქართველოს გადაკიდებული უცხოელი პოლიტიკოსების ვიზიტს, რომლებიც რუსთაველის გამზირს ისევ წასაქეზებლად ესტუმრნენ. მათი მიზანია ჩამქრალ ცეცხლზე ნავთის დასხმა, წაგებულ დღის წესრიგზე ჩაბღაუჭება და შემოტრიალება.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარები საქართველოში გუშინ ჩამოვიდნენ. ისინი შეხვდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერებს, ასევე საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს, სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანსა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების წარმომადგენლებს.
