შალვა პაპუაშვილი – საფრანგეთის საელჩო ხალხად არ გვთვლის – აქ სულელი არავინ არ არის, დავიჯეროთ, რომ საელჩო რადიკალური პარტიების წევრებს ფულს უხდის, რათა ტურისტული მარშრუტები დახაზონ – ეჭვი მაქვს, ეს აქციების არაპირდაპირი დაფინანსებაა

როგორც ჩანს, საფრანგეთის საელჩო ჩვენ ხალხად არ გვთვლის – აქ სულელი არავინ არ არის, რომ დავიჯეროთ ის, რომ საფრანგეთის საელჩო რადიკალური პარტიების წარმომადგენლებს ფულს უხდის იმისთვის, რომ ტურისტული მარშრუტები დახაზონ – ეჭვი მაქვს, ეს არის აქციების დაფინანსება არაპირდაპირი გზით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც „გრანტების შესახებ“ კანონის მიღებამდე, საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემულ გრანტზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისი თქმით, საფრანგეთის ელჩს გამჭვირვალობა არ უნდა და ჩანს, რომ ზოგიერთს საქართველო „უკანა ეზო“ ჰგონია.
პაპუაშვილმა ელჩებს შეახსენა, რომ ისინი საქართველოში სტუმრად იმყოფებიან.
„რაც შეეხება კითხვას, რატომ არ ასაჯაროებს საფრანგეთის საელჩო, გიპასუხებთ ჯიმ რიშის სიტყვებით – „ჩვენ უნდა მივყვეთ ფულს. თუ დასამალი არაფერია, მაშინ წინააღმდეგობა რატომ არის?!“. ამას ვეტყოდი მე საფრანგეთის ელჩს. თუ დასამალი არაფერია, რატომ მალავს მაშინ და რატომ არის წინააღმდეგობა?! განცხადება იყო, რომ კონკურსი იყოო, ყველა ელჩს შევახსენებ, რომ ისინი ამ ქვეყანაში არიან სტუმრად. ეს არის პრივილეგია ნებისმიერი დიპლომატიისთვის, ორგანიზაციისთვის, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნის, საზოგადოების განვითარებაში. ეს პრივილეგია მოდის პასუხისმგებლობასთან ერთად. ასე არ არის, რომ ჩახვიდე ქვეყანაში, ფულები აქეთ-იქით ყარო და მერე პასუხისმგებლობას არ გრძნობდე ამ ფულით რა ხდება. ასეთი გამოცდილება სამწუხაროდ, ზოგიერთ ქვეყანას და ორგანიზაციას აქვს, როდესაც წლების შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე, რომ ექსტრემისტები, პოლიტიკოსები დაუფინანსებიათ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, რომ ამ მხრივ იყოს გამჭვირვალე. თუმცა როგორც ვხედავთ, საფრანგეთის ელჩს არ სურს გამჭვირვალობა. მიუხედავად იმისა, რომ იყო განცხადება, რომ ეს იყო კონკურსი, პასუხი არ არის. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არანაირი კონკურსი არ ყოფილა და ეს არის ის მავნე პრაქტიკა, რაზეც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია საუბრობს, როდესაც იყო გარიგებებით გრანტების გაცემა, იმისთვის რომ ყოფილიყო რაღაც პოლიტიკური გავლენების გატარება. ის სუბიექტები, ვისაც საფრანგეთის საელჩომ ფული მისცა, პოლიტიკოსები არიან. ირაკლი ხვადაგიანი პარლამენტის წევრი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ ათეულში შედიოდა. გიორგი კანდელაკი „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგი იყო, როცა ის ხელისუფლებაში იყო. ის წამების და რეკეტის სისტემის თანაშემოქმედია.
მე მგონი, შეურაცხმყოფელი არის [საელჩოს] ეს განცხადებები. აქ სულელი არავინ არ არის და მე მგონი, ეს საფრანგეთის საელჩომ უნდა გაიდოს. აქ სულელი არავინ არ არის, რომ დავიჯეროთ ის, რომ პოლიტიკოსებს, რადიკალური პარტიების წარმომადგენლებს, ფულს უხდის იმისთვის, რომ ტურისტული მარშრუტები დახაზონ. სინამდვილეში, მე მაქვს, ეჭვი, რომ ეს არის აქციების დაფინანსება არაპირდაპირი გზით.
როგორც ჩანს, საფრანგეთის საელჩო ჩვენ ხალხად არ გვთვლის. რაღაცას აკეთებს. როგორც ჩანს, ზოგიერთს ჩვენი ქვეყანა უკანა ეზო ჰგონია. ეს კინოც ნანახი გვაქვს. ხან მოსკოვს ვეგონეთ უკანა ეზო, ხან რომელ დედაქალაქს. 3000 წელი ამ ისტორიას ვუყურებთ, მაგრამ 3000 წელი იმასაც ვხვდებით, რომ საბოლო ჯამში, ქართველი ხალხი რჩება, იმიტომ რომ სიმართლის მხარესაა. ისინი, ვისაც ვგონივართ ჩვენ უკანა ეზო, დაბალი ღობე, ხარი თუ რა შედარებაც არ უნდა იყოს, შემდეგ რა ემართებათ ხოლმე და როგორ არიან, ესეც კარგად ვიცით ისტორიიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის სელჩომ საქართველოში სოციალურ ქსელში 15 აპრილს დაწერა, რომ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ“ 2025 წლის კონკურსში გაიმარჯვა. „ვულოცავთ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას“ საფრანგეთის საელჩოს მიერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების პროექტების მხარდასაჭერად გამოცხადებული 2025 წლის კონკურსის გამარჯვებულს. ორგანიზაციის პროექტი შექმნის ახალ ტურისტულ მარშრუტებს გორსა და ქუთაისში, რომელიც შეისწავლის საქართველოს საბჭოთა წარსულს, წარმოაჩენს რა საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმისადმი წინააღმდეგობასთან და ოკუპაციამდე არსებულ დემოკრატიულ გამოცდილებასთან დაკავშირებულ ძირითად სამახსოვრო ადგილებს,“ – წერს საელჩო.