შალვა პაპუაშვილი – საუბარი, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პროკურატურის ქოლგის ქვეშ ფუნქციონირება შეიძლება განიხილებოდეს სპეკულაციაა, რომელიც გაჩნდა მსჯელობიდან, რომ „საგამოძიებო ფუნქციები ნელ-ნელა ეციცქნება პროკურატურას“

პარლამენტის თავმჯდომარის, ს თქმით, საუბარი იმაზე, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პროკურატურის ქოლგის ქვეშ ფუნქციონირება შეიძლება განიხილებოდეს, სპეკულაციაა, რომელიც გაჩნდა მსჯელობიდან გამომდინარე, რომ „საგამოძიებო ფუნქციები ნელ – ნელა ეციცქნება პროკურატურას“.
პაპუაშვილის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით არანაირი გეგმა არ არსებობს და პირიქით საგამოძიებო სამსახური ძლიერდება.
მისივე თქმით, „უბრალოდ, თეორიული განსჯის საკითხია, რამდენად შეიძლება ავიღოთ პროკურატურა და ის ბევრ ნაწილებად დავშალოთ.“
„ეს სპეკულაცია იყო გამომდინარე იმ განსჯისა თუ განხილვისა, რაზეც ჩვენ სხვა ფორმატებშიც არაერთხელ გვითქვამს. საუბარი იყო იმაზე, რომ საგამოძიებო ფუნქციები ნელ-ნელა ეციცქნება პროკურატურას, ნაწილი გადავიდა საგამოძიებო სამსახურში და ა.შ. რადგან ჯერ კიდევ მაშინ, როცა შეიქმნა ინსპექტორის სამსახური, მოთხოვნა იყო, რომ ყოფილიყო ცალკე დაწესებულება ან ინსტიტუცია, რაც სისტემურად კითხვის ნიშნებს წარმოშობს, რადგან არის პროკურატურა, რომელიც არის კონსტიტუციით განსაზღვრული ინსტიტუტი და შემდეგ კანონით ვქმნით რაღაც ინსტიტუტებს, თუმცა, არანაირი გეგმა, მსჯელობა არ არის ამასთან დაკავშირებით, პირიქით, ჩვენ ამ ცვლილებებით ვაძლიერებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. ეს იყო უბრალოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი განცხადება. ყველამ კარგად იცის, რომ ამაზე არ იყო საუბარი (პროკურატურის ქოლგის ქვეშ გაერთიანებაზე). ეს არის უბრალოდ თეორიული განსჯის საკითხი, რამდენად შეიძლება ავიღოთ პროკურატურა და ის ბევრ ნაწილებად დავშალოთ. რამდენად თავსდება ეს კონსტიტუციურ გარანტიებში, რომელიც აქვს პროკურატურას, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს? დანაშაული დანაშაულია – სამოხელეოა, ექიმის თუ მხატვრის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არათუ ამაზე (პროკურატურის ქოლგის ქვეშ გაერთიანებაზე) ვფიქრობთ, ვაძლიერებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს,“- განაცხადა პაპუაშვილმა.
მან, ასევე, უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილია საკონკურსო კომისიაში, რომელმაც სამსახურის ხელმძღვანელი უნდა აირჩიოს, პროკურორის ყოფნა.
„7 ადამიანია კომისიაში და იქ ერთი ადამიანი თუ კომისიას იარაღით ადგება და გადაწყვეტილებას ძალით აღებინებს, მგონი არასერიოზულია ეს. სამაგიეროდ ამდიდრებს კომისიას, რადგან საუბარია საგამოძიებო სამსახურზე და პროკურორის კვალიფიკაცია გასაუბრების დროს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შეირჩეს სათანადო პირი ასეთი სამსახურის უფროსად,“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.