პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ხელისუფლებას უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან უჩივლა.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს აჩვენებს იმას, რომ მას სახელმწიფო სუვერენიტეტი საერთოდ არ ესმის.
„რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ქმედებებს ბოლო დღეების განმავლობაში, უკვე მიჭირს რეაქციებითაც დავეწიო. უკვე ვნახეთ სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პოლიციას რუსული ტერმინოლოგიით მოიხსენიებდა და ამით, მგონი, უკვე ყველანაირი წითელი ზღვარი გადალახა სახელმწიფოსთან დაკავშირებით. ის არ მიიჩნევს თავს ამ სახელმწიფოს, იმ ინსტიტუციების ნაწილად, როგორიც არის პოლიცია, რომელიც ვნახეთ ჩვენ ეს დღეები, როგორ ღირსეულად მოქმედებდა. ამიტომ არის საზოგადოების ნდობა პოლიციისადმი ასეთი მაღალი. გუშინ კიდევ საერთოდ სასწაული რამ მოხდა, როდესაც სალომე ზურაბიშვილმა უჩივლა საკუთარ ხელისუფლებას უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან, თან დააკვირდით ერთ რამეს- გასაგებია, როდესაც ევროკავშირზე ვსაუბრობთ, მაგრამ რა შუაში იყო საფრანგეთის პრეზიდენტი, ვერავინ ახსნა. დღეს ევროკავშირის პრეზიდენტი არის ბელგია, თუ მაინც და მაინც ევროკავშირზეა საუბარი, ბელგიის ხელმძღვანელობას უნდა მიმართო. საფრანგეთის პრეზიდენტი ეტყობა მისი ყოფილი მოქალაქეობიდან გამომდინარეობს. ახლაც თუ აქვს ორმაგი მოქალაქეობა, ზუსტად არ ვიცი. რა შუაში იყო საერთოდ საფრანგეთის პრეზიდენტი, არ ვიცი. დამოკიდებულება, თანამდებობა, რომელიც ქალბატონ სალომეს აქვს, რომელიც უჩივის თავის ქვეყნის ხელისუფლებას სხვა ხალხის ხელისუფლებასთან, აჩვენებს, რომ მას არათუ საქართველოს სუვერენიტეტი არ ესმის, საერთოდ სახელმწიფო სუვერენიტეტი არ ესმის“,-განაცხადა პაპუაშვილმა.