სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ, რომ ღონისძიებებს აორგანიზებს ოპოზიცია, რომელიც ცდილობს, არჩევნებში მისი წაგება ახლა, ჩაანაცვლოს რაღაც სხვა თემით. გზა მარტივია – ყველა კანონიერ ფორმაში უნდა დაბრუნდეს და ძალადობა არ უნდა დაუშვას. თავად საზოგადოება დაინახავს შემდეგ, რომ სინამდვილეში ამ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს რეალური საფუძველი არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი აქცია, თუ მანიფესტაცია იყოს მშვიდობიან ფარგლებში.
„სამი დღის განმავლობაში, ჩვენ ვაკვირდებით აქციებს, რომელიც ამოვარდნილია აქციის ტრადიციული ჩარჩოებიდან, ჩვენ ვხედავთ, რომ მის ორგანიზატორებს მიკროფონებიც კი არ მიაქვთ, მიმართვებიც არ აქვთ, არის პირდაპირ მიზანმიმართულად გადასვლა აგრესიაზე. ამის ნიშანია, რომ ნაცვლად იმისა, რუსთაველის გამზირზე თავისუფლად მშვიდობიანი აქცია იყოს, ვხედავთ, მიზანმიმართულად გარკვეული მოძალადე ჯგუფები გადაადგილდებიან 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით, სადაც საპოლიციო ძალები შესასვლელებს იცავენ და შედიან პირდაპირ დაპირისპირებაში პოლიციასთან, თავს ესხმიან პოლიციას, რაც რამდენიმე საათი გრძელდება ხოლმე და შემდეგ უკვე პოლიცია რეაგირებს. ეს არის ის სცენარი, რასაც სამი დღეა უცვლელად ვაკვირდებით. ხალხი იკრიბება რუსთაველის გამზირზე, რომლის ძირითადი ნაწილი, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი მანიფესტანტი არის, შემდეგ ამ ხალხის რაოდენობით შეგულიანებული მოძალადეები ინაცვლებენ, პირდაპირ მიდიან პოლიციელებთან, ძალადობენ პოლიციელებზე და ვხედავთ, რომ არის ქვების სროლა, მათ შორის რკინის დეტალების სროლა. დღეს, წამოვიღე პარლამენტში შემოვარდნილი ერთ-ერთი ასეთი ბურთულა, რკინის შურდულით ამსხვრევდნენ პარლამენტის ფანჯრებს და მათ შორის, ასეთ ნივთებს ესროდნენ პოლიციელებს. დაახლოებით, სამი სანტიმეტრის რკინის ბურთია, რომელსაც შურდულით ესროდნენ და რა თქმა უნდა, ეს არის როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო, ასევე აჩვენებს, რომ წინასწარ მომზადებული თავდასხმებია, რასაც ჩვენ ვაკვირდებით. ამიტომ, პირველი, აქცია უნდა დაუბრუნდეს მშვიდობიან ფორმას. მეორე, ჩემი შთაბეჭდილებას ასეთია, იმიტომაც არ არის არანაირი პოლიტიკური მიმართვა და რეალურად არ გვაქვს აქცია, სადაც გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს და პროტესტს, სინამდვილეში, როგორც კი გადავლენ საუბარზე, მიხვდებიან, რომ მათ პროტესტს შინაარსი და საფუძველი არ აქვს. სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიცია აორგანიზებს ამ ღონისძიებებს, რომელიც ცდილობს, არჩევნებში მისი წაგება ახლა, ჩაანაცვლოს რაღაც სხვა თემით“,-განაცხადა პაპუაშვილმა.