შალვა პაპუაშვილი – სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული

სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული და შორსაა ელემენტარული სამართლებრივი პრინციპების პატივისცემისგან, რაც ღრმად არაევროპულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ფეისბუქ – პოსტში“ პაპუშვილი გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის სანქციებთან დაკავშირებულ განცხადებას, რომელშიც ელჩი ამბობს, რომ „სანქცია გულისხმობდა ქვეყანაში შესვლის აკრძალვას, რადგან არ გვსურს ადამიანის უფლებების დამრღვევები ჩვენს ქვეყანაში ჩავიდნენ”.
პაპუაშვილის თქმით, გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა რომ ჰქონოდა, გერმანიაში შესვლას აუკრძალავდა ზურაბ ადეიშვილს,როგორც „წამების და რეკეტის სისტემის ერთ-ერთ მთავარი შემოქმედს”.
„გერმანიის ელჩის ამ განცხადების ფონზე, საზოგადოებას შევახსენებ, რომ რამდენიმე თვის წინ გერმანიაში ვიზიტით იმყოფებოდა ზურაბ ადეიშვილი, რომელიც, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ოფიციალურ შეხვედრებს მართავდა და ბუნდესთაგის სტუმრების ლოჟაშიც კი ვიხილეთ.
თუკი, ვინმეს გამოეპარა, აქ არის ზურაბ ადეიშვილის მიერ ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ჩადენილი ის დანაშაულები, რომლებზეც უკვე დადგა საბოლოო განაჩენი:
▪კობა დავითაშვილის გატაცების და დასახიჩრების საქმე – 6 წელი;
▪ციხეებში წამების საქმე – 4 წელი და 6 თვე;
▪ღვინის კომპანია აკურას წართმევის საქმე – 1 წელი და 6 თვე;
▪ტვ იბერიას წართმევის საქმე – 1 წელი და 6 თვე;
▪ბანკი ქართუს გაკოტრების მცდელობის საქმე – 5 წელი და 3 თვე (ალბათ, გარკვეული ირონიაცაა იმაში, რომ ადამინის უფლებების დამრღვევ ამ ბოლო დანაშაულში, თავისი მონაწილეობა აღიარებული აქვს გიორგი ისაკაძეს, იმ გამოცემის დამფუძნებელს, რომელთან ინტერვიუშიც ელჩმა ეს განაცხადა)
გერმანიის მთავრობას ადამიანის უფლებების დამრღვევების მიმართ გულწრფელი მიუღებლობა რომ ჰქონოდა, ოფიციალურად ან არ უმასპინძლებდა, ან თუ ეს მასპინძლობა დაუდევრობა იყო, ამ სკანდალის შემდეგ მაინც, გერმანიაში შესვლას აუკრძალავდა წამების და რეკეტის სისტემის ერთ-ერთ მთავარ დადასტურებულ შემოქმედს, რაც არ მომხდარა.
სწორედ ასეთი მაგალითები აჩვენებს, რომ სანქციები თუ სავიზო შეზღუდვები, პოლიტიკური ვენდეტის და გავლენის არაკეთილსინდისიერად მოპოვების იარაღად არის ქცეული და შორსაა ელემენტარული სამართლებრივი პრინციპების პატივისცემისგან, რაც ღრმად არაევროპულია“, – წერს პაპუაშვილი.