შალვა პაპუაშვილი სანქციებზე – საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე, ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება წინ მიდის

საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე თენდებოდა და ღამდებოდა, საქართველო წინ მიდის, ჩვენი საზოგადოება წინ მიდის, ასეთი გადაწყვეტილებები ჩვენს ხალხს ვერ დააზიანებს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელების დასანქცირებას.
როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მძიმე ლაქად დარჩება.
„ეს ქართველ ხალხზე კიდევ ერთი თავდასხმაა ამერიკის შეერთებული შტატების წარმავალი ადმინისტრაციისგან. სამწუხაროა, რომ არჩევნებში დამარცხებული ადმინისტრაცია მის ბოლო დღეებს იმისთვის იყენებს, რომ ქართველ ხალხს და მის ხელისუფლებას თავს დაესხას. ეს რა თქმა უნდა, მძიმე ლაქაა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, როდესაც საქმე ეხება ჩვენს სამართალდამცავ და უსაფრთხოების სისტემას. სულ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ვნახეთ ანგარიში, რომელიც უსაფრთხოების სისტემას შეეხებოდა, მათ შორის, საქართველოში და შეეხებოდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ვნახეთ, განსაკუთრებული შექება საქართველოს სამართალდამცავი და უსაფრთხოების სისტემის, ვის აქებენ იქ? შინაგან საქმეთა სამინისტროს და მის მინისტრს, იქ აქებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, იქ აქებენ პროკურატურას და მის ხელმძღვანელობას. მათი დამსახურებაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ის უწყებები მადლობებს გვიხდიან… ზუსტად ამ ადამიანების – ვახტანგ გომელაურის და სხვების დამსახურებაა, რომ საქართველოში უსაფრთხო გარემოა არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ უცხოეთის მოქალაქეებისთვის, უცხოელი დიპლომატებისთვის და ყველასთვის, ვინც ჩვენი ქვეყნის სტუმარია. ამის ფონზე, ასეთი გადაწყვეტილებების მიღება, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს ძალიან არასწორი დამოკიდებულებაა ქართველი ხალხის მიმართ. აღარ გავიხსენებ სხვა რამეს, იმ გვერდში დგომას, რომელიც ქართველმა ხალხმა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამერიკელ ხალხს დავანახეთ. ამიტომ ეს გადაწყვეტილება უპირველეს ყოვლისა, ამერიკელი ხალხის ინტერესს ეწინააღმდეგება და სამწუხაროა, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ადმინისტრაცია, რომელსაც ამერიკელმა ხალხმა მომდევნო ლეგიტიმაციაზე უარი უთხრა, ამერიკელი ხალხის სახელით აზიანებს ქართველ ხალხთან ურთიერთობას.
ეს გახლავთ სრულად ამერიკული შტატების წარმავალი ადმინისტრაციის პასუხისმგებლობა, როცა ასეთი უსამართლო გადაწყვეტილებები მიიღება, ამაზე ჩვენ გავლენა არ გვაქვს, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადმინისტრაციის თვითნებური გადაწყვეტილებაა, რაც კიდევ ერთხელ ამ ურთიერთობებს აზიანებს. ვხედავდით, რომ თვეების განმავლობაში მუქარის ინსტრუმენტად იყო გამოყენებული სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, შიგნით, თუ გარეთ, ეს მუქარა განხორციელდა და ვნახეთ, რომ საქართველოში ისევ ისე თენდება და ღამდება, როგორც აქამდე თენდებოდა და ღამდებოდა, საქართველო წინ მიდის, ჩვენი საზოგადოება წინ მიდის, ასეთი გადაწყვეტილებები ჩვენს ხალხს ვერ დააზიანებს, ერთადერთი, რასაც ეს გადაწყვეტილებები აზიანებს, იმ ქვეყნების, თუ ხელისუფლებების რეპუტაციაა, რომლებიც ამგვარ გადაწყვეტილებებს იღებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, -ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო და ისინი “გლობალური მაგნიტსკის” სიაში შეიყვანა. კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მირზა კეზევაძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის “სპეციალურად განსაზღვრულ პირთა სია”-ში (SDN List) მოხვდნენ. SDN List-ი “ადამიანის უფლებებზე ანგარიშვალდებულების მაგნიტსკის გლობალური აქტის” საფუძველზე შეიქმნა და 2017 წლიდან მოქმედებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო უილსონი – ეუთო/ოდირის ანგარიშის განხილვის შემდეგ, ვიმეორებ: დე ფაქტო “ქართული ოცნების” ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური – ნებისმიერი ახალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით

მიხეილ სააკაშვილი: სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად „დაპოსტვა“ მოხდა და შესაბამისად, გამოიწვია დამსახურებული რეაქცია – რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს