შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილზე – გარკვეულად, კონსტიტუციის დარღვევის რეციდივისტად იქცა

[] გარკვეულად, კონსტიტუციის დარღვევის რეციდივისტად იქცა – ახლა ამას [კონსტიტუციის დარღვევა] განზრახ აკეთებს, არის უხეში და რაც მთავარია, სისტემური. ამაზე რეაგირება უნდა გვქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, 2023 წელს პრეზიდენტის არშემდგარი იმპიჩმენტის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მთლიანად რადიკალურმა ოპოზიციამ ხელი დააფარა ამ კონსტიტუციის დარღვევას“.
„გახსოვთ, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც იმპიჩმენტი არ შედგა არის ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მთლიანად რადიკალურმა ოპოზიციამ ხელი დააფარა ამ კონსტიტუციის დარღვევას. ვნახეთ რისთვისაც. შემდეგ, ქალბატონმა სალომემ შეიწყალა. ეს არის იმ გარიგების ნაწილი, რომლის საფუძვლადაც მიეცა მას დაუსჯელობის გარანტია რადიკალური ოპოზიციისგან. მას შეუძლია თავისუფლად დაარღვიოს კონსტიტუცია და პარლამენტამდე როდესაც მოვა, ვინაიდან დღეს, „ქართულ ოცნებას“ 100 მანდატი არ აქვს, მას ექნება აბსოლუტური ინდულგენცია კონსტიტუციური დარღვევისთვის. ეს არ არის ერთადერთი დარღვევა, რასაც ის ჩადის. ის უკვე გარკვეულად, კონსტიტუციის დარღვევის რეციდივისტად იქცა. ერთი ეს გახლავთ ვიზიტები, რომელსაც როგორც ვნახეთ, ის არ იშლის; მეორე, ის კვლავ არ ნიშნავს ელჩებს და მესამე, ვხედავთ, ბოლო პერიოდში მის ჩართულობას საარჩევნო კამპანიაში, რაც ასევე დარღვევაა. პრინციპში, მეოთხე დარღვევაცაა, როდესაც ის საუბრობს, რომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატი უნდა დაასახელოს. 52-ე მუხლი ხომ დაარღვია, ახლა 56-ესაც არღვევს, ვინაიდან პრემიერ-მინისტრის კანდიდატის დასახელების უფლება აქვთ არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიებს და არა პრეზიდენტს.
რომ უყვარდათ ტერმინი „არაფორმალური მმართველობა“, ზუსტად ეს არის არაფორმალური მმართველობა, სხვა რამე კი არ არის. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია და წესები, როგორ მოქმედებს სახელმწიფო, როგორ ირჩევა მთავრობა, როდის არის . ქალბატონმა სალომემ შექმნა ე.წ ქარტია და ფაქტობრივად, ბანანის რესპუბლიკად გამოგვაცხადა ამ ტექსტის ავტორმა და მასზე ხელმომწერებმა. იმიტომ, რომ თქვეს, კონსტიტუცია ჩვენ არ გვაქვს, არ ვაღიარებთ. [თქვეს, რომ] კონსტიტუცია ესაა, რომ ჩვენ ახლა ავირჩევთ არა მთავრობას და ხელისუფლებას, არამედ იქნება რაღაც ტექნიკური მთავრობა. შემდეგ, აქვე წერენ, რომ რატომღაც, უნდა იყოს რიგგარეშე არჩევნები. ყველანაირად გასული არიან კონსტიტუციური ჩარჩოდან და ამ ქარტიით ამბობენ, რომ ქართველ ხალხს არ აქვს უნარი 26 ოქტომბერს აირჩიონ საკუთარი ხელისუფლება“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, „არის თუ არა ხელახალი იმპიჩმენტი პრეზიდენტის დასჯა პარტნიორებთან კომუნიკაციის გამო“, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „თუ კი ვინმე ამას ასე შეხედავს, ნიშნავს, რომ ეს არის ბოლშევიკური მიდგომა“.
„თუ კი ასე შეხედავს ვინმე, ეს ნიშნავს, რომ ეს არის ბოლშევიკური მიდგომა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. თუ კი ვინმე ცდილობს, რომ მიზანი, თუნდაც ვიზიტი საზღვარგარეთ, წარმოადინოს კეთილშობილურად, მაშინ საშუალება, რომ დაირღვეს ქართველი ხალხის ძირითადი კანონი, არის მისაღები. ასე აზროვნებდნენ ბოლშევიკები. ახლა [სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს] განზრახ, ეს არის უხეში და რაც მთავარია, სისტემური. ამაზე რეაგირება უნდა გვქონდეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია.
პაპუაშვილის თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება, თუმცა საკითხზე ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივე სხდომებზე იმსჯელებს.

ასევე დაგაინტერესებთ