შალვა პაპუაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი საუბრობდა, თითქოს პრეზიდენტის მოწვევის გარეშე, პარლამენტი ვერ შეიკრიბება – ან უარყოს თავად ეს დეზინფორმაცია, ან მივმართავ შვედეთის საელჩოს, მათ გააკეთონ განცხადება

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს პრეზიდენტის მოწვევის გარეშე, პარლამენტი ვერ შეიკრიბება – ან უარყოს თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ეს დეზინფორმაცია, ან მივმართავ შვედეთის საელჩოს, რომ მათ გააკეთონ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება და უარყონ დეზინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, ისინი ახლა ელოდებიან ს შემაჯამებელ ოქმს და მისი მიღების შემდეგ, არაუგვიანეს 10 დღისა, პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ პარლამენტის შესაკრებად სხდომის მოწვევა ფორმალური ხასიათისაა, ვინაიდან თუ ის პარლამენტს არ მოიწვევს, საკანონმდებლო ორგანო მაინც ვალდებულია შეიკრიბოს.
„ბოლო, მეცამეტე დეზინფორმაცია, თარსი რაოდენობა აქვთ დეზინფორმაციის და ამიტომაც არის ალბათ, რომ ვერ გაიტანეს ბოლომდე, არის პარლამენტის შეკრება, რომელიც ახლა კიდევ ერთხელ მოვისმინე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენლების მხრიდან. აქ მინდა ხაზი გავუსვა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არის სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული, მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა საარჩევნო მიზანი და ეს დაადასტურა სასამართლომაც, ვხედავთ მათ ჩართულობას პოლიტიკური მიზნით ამ პროცესში და ახლა როგორც ჩანს, ისინი ცდილობენ, საბოტაჟი წაახალისონ საქართველოს პარლამენტის. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი საუბრობდა იმაზე, რომ თითქოს პრეზიდენტის მოწვევის გარეშე, პარლამენტი ვერ შეიკრიბება. ხაზს ვუსვამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ არის უცხოეთიდან დაფინანსებული, მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი არის შვედეთის სახელმწიფო, ასე რომ, ამ დეზინფორმაციას ან უარყოფს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ან უარყოს მისმა დონორმა, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, დღეს ორგანიზაცია ავრცელებს ანტიდემოკრატიულ დეზინფორმაციას, ამიტომ ან უარყოს თავად საერთაშორისო გამჭვირვალობამ ეს დეზინფორმაცია, ან მივმართავ შვედეთის საელჩოს, რომ მათ გააკეთონ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება და უარყონ დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“. კერძოდ, საქმე ეხება შემდეგ საკითხს – იცით, რომ შემაჯამებელ ოქმს ველოდებით. მას შემდეგ, რაც იქნება შემაჯამებელი ოქმი, უკიდურესი ვადაა 21 ნოემბერი, თუმცა დამოკიდებულია პროცესებზე რომელიც მიდის, გასაჩივრების და ა.შ. ამის შემდეგ, საქართველოს კონსტიტუციით არაუგვიანეს მეათე დღისა პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. პარლამენტის შესაკრებად სხდომას იწვევს პრეზიდენტი და ეს ორი პუნქტი არის აქ მნიშვნელოვანი, კერძოდ ის, რომ კონსტიტუციის ჩანაწერი არის, რომ ყველა შემთხვევაში პარლამენტი არაუგვიანეს მეათე დღისა უნდა შეიკრიბოს, პრეზიდენტის მიერ მოწვევა ამ შემთხვევაში არის ფორმალური ხასიათის. მას შეუძლია ამ 10 დღის ფარგლებში განსაზღვროს, რომელი დღე იყოს შეკრებისა, თუმცა იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი წავა საბოტაჟზე და არ მოიწვევს პარლამენტს, თავად პარლამენტი არის ვალდებული, რომ შეიკრიბოს. სხვანაირი განმარტება ამის უბრალოდ არ არსებობს. ის, ვინც სხვანაირ განმარტებას აკეთებს, ან უვიცია, ან მავნებელი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, სავარაუდოდ, უფრო მავნებელია, თუმცა შეიძლება უვიციც იყოს, ამას არ გამოვრიცხავ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მათვე უარყონ ეს დეზინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. საჭიროა, რომ მინიმუმ 76 დეპუტატი ესწრებოდეს სხდომას და იცით, რომ „ქართულ ოცნებას“ 89 მანდატი აქვს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციაც არ იქნება, არც ეს არის რაიმე შემაფერხებელი – შეიკრიბება პარლამენტი და ცნობს 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილებას, რითაც პარლამენტი შედგება.“- განაცხადა პაპუაშვილმა.