ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის. მისასალმებელია, რომ პრემიერ-მინისტრს, დანიაში შესაძლებლობა ექნება კიდევ ერთხელ ისაუბროს იმაზე, თუ რა მიღწევები აქვს საქართველოს – როცა ხარ ძლიერი, არ გეშინია საუბრის, როცა ხარ სუსტი შენს არგუმენტებში, როგორც ბრიუსელია, მათ ეშინიათ საუბრის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ვიზიტს დანიაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბრიუსელს აქვს ევროპისთვის არასაკადრისი უჩვეულო ჩაკეტილობა და საქართველოსთან დაკავშირებით ძალის პოზიციიდან საუბრის ტაქტიკა არჩეული.
„ზოგადად, ჩვენი პოლიტიკა არის დიალოგის პოლიტიკა, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა საერთაშორისო ასპარეზზეც არის დიალოგის პოლიტიკა. ვხედავთ უკრაინის ომთან დაკავშირებით, ბრიუსელის გასაკვირად ხისტ პოზიციას, განსხვავებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რომელიც ცდილობს, რომ მშვიდობა დაამყაროს. ვხედავთ, რომ ბრიუსელს აქვს ევროპისთვის არასაკადრისი უჩვეულო ჩაკეტილობა და ძალის პოზიციიდან საუბრის ტაქტიკა არჩეული, საქართველოსთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დიალოგისთვის, ყველანაირ ფორმატში ჩვენი მონაწილეობისთვის. მისასალმებელია, რომ აქ შესაძლებლობა ექნება პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ ისაუბროს იმაზე, თუ რა მიღწევები აქვს საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით. რატომ ვართ ჩვენ ყოველთვის ღია დიალოგისთვის და რატომ არის ჩაკეტილი ბრიუსელი დიალოგისთვის? – პასუხი მარტივია, დიალოგის ეშინია მას, ვინც არ არის დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში. ბრიუსელმა იცის, რომ ის ტყუის ქართველი ხალხის წინაშე და საქართველოს ხელისუფლებამ იცის, რომ ის მართალია ქართველი ხალხისა და საქართველოს ისტორიის წინაშე. ამიტომ ჩვენ ვართ თამამი დიალოგის დროს, ბრიუსელი არის ჩაკეტილი, ვინაიდან იცის, რომ არ გააჩნია მყარი არგუმენტები იმისთვის, რომ საკუთარი დამოკიდებულება ხალხის მიმართ, თავდასხმები ქართველი ხალხის მიმართ გაამართლოს. როცა ხარ ძლიერი, არ გეშინია საუბრის, როცა ხარ სუსტი შენს არგუმენტებში, როგორც ბრიუსელია, მათ ეშინიათ საუბრის. მოვუწოდებ, რომ დაუბრუნდნენ ევროპულ ღირებულებებს. ჩვენ ეგეთი ევროპა გვაქვს თავის დროზე აშენებული. როგორც ჩანს, ზოგიერთმა ევროპაში გადაუხვია იმ ევროპას, რომელსაც საფუძველი მათ შორის, ჩვენ ჩავუყარეთ. ჩვენ ერთგულნი ვართ ევროპის ჭეშმარიტი ღირებულებების მიმართ. ზოგიერთს ვხედავთ, რომ ხმლის ქნევაში არიან, ოღონდ თავის ოთახში ჩაკეტილები. იქნევენ ამ ხმალს და ებრძვიან წარმოსახვით მტრებს. დამშვიდდნენ, დაუბრუნდნენ დიალოგის რეჟიმს. ისაუბრონ ქართველ ხალხთან. ქართველი ხალხის იგნორირება არ გამოუვათ. 3000 წელი აქ ვართ და ვერავინ დაგვაიგნორა, მაინცდამაინც ბრიუსელის ევროკომისიის პრესსპიკერი ქალბატონის იგნორირების იმედად ნუ დარჩებიან. ამიტომ ჩახედონ ქართველ ხალხს თვალებში და ესაუბრონ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში, რომელიც 2 ოქტომბერს დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება.
