შალვა პაპუაშვილი – როცა უცხოური ორგანიზაცია შემოდის, მნიშვნელობა არ აქვს დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან და გვეუბნება, რომ ჩვენთვის სიკეთე უნდა, ქართველ ხალხს არ გვაქვს უფლება ვიცოდეთ, რა სიკეთეა ეს? – თუ ვიღაც რაღაცას მალავს, ე.ი. დასამალი აქვს

აღმოჩნდა, რომ ტერმინი „აგენტები“ არ ყოფილა პრობლემა – ესეც აბსურდია, რომ ტერმინი „აგენტი“ „ჯაშუშს“ გაუთანაბრეს, მაშინ, როდესაც ქართულ სამართალშიც „აგენტი“ სხვანაირად გვაქვს განმარტებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში“ ევროპული დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება, დასვას კითხვა, რა სიკეთის მოტანა შეუძლია უცხოეთიდან შემოსულ ამა თუ იმ ორგანიზაციას და თუ ისინი პასუხს დამალავენ, ეს ეჭვს გამოიწვევს, რომ მათ განსხვავებული ზრახვები აქვთ.
„რაც შეეხება ტერმინს, მასზე ვეღარაფერს ამბობენ. აღმოჩნდა, რომ ტერმინი „აგენტები“ არ ყოფილა პრობლემა. ევროკავშირის დირექტივის პროექტს, რომელიც ევროკომისიამ უკვე დაამტკიცა, ასეთი სათაური აქვს – „მესამე ქვეყნის ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვირვალობის შესახებ“. ჩვენ ამაზე კიდევ უფრო რბილი ფორმა გვაქვს, რადგან „ინტერესების გამტარებელი“ გვიწერია და არა „წარმომადგენელი“. სიტყვა წარმომადგენელი ინგლისურიდან პირდაპირ შეიძლება ითარგმნოს, როგორც „აგენტი“. ესეც აბსურდია, რომ ტერმინი „აგენტი“ „ჯაშუშს“ გაუთანაბრეს, მაშინ, როდესაც ქართულ სამართალშიც „აგენტი“ სხვანაირად გვაქვს განმარტებული.
როცა უცხოური ორგანიზაცია შემოდის საქართველოში, მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან, ჩრდილოეთიდან თუ სამხრეთიდან და გვეუბნება, რომ ჩვენთვის სიკეთე უნდა, ჩვენ, ქართველ ხალხს, არ გვაქვს უფლება, ვიცოდეთ, კონკრეტულად რა სიკეთეა ეს და როგორ აპირებენ ჩვენთვის ამ სიკეთის მონიჭებას? ამაში ცუდი არაფერია და თუ ორგანიზაცია ამას მალავს, ეს, რა თქმა უნდა, ეჭვს იწვევს, რომ განსხვავებული ზრახვები აქვთ. ეს ასეც აღმოჩნდება ხოლმე. თუ ვიღაც რაღაცას მალავს, ესე იგი დასამალი აქვს და ამიტომ აკეთებს ამას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.