მე უკვე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი განცხადებები კედელს ეხეთქება და სამწუხაროდ, აბსოლუტურად ყრუ კედელს ვხვდებით ჩვენ ზოგიერთი დონორის სახით, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტების შეკითხვას, თუ როგორ აფასებს წინასაარჩევნო კამპანიაში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და NDI-ის ჩართულობას.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, NDI-ის რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები წინასაარჩევნო შეხვედრების ორგანიზებისთვის მადლობას უხდიან, რაც, რა თქმა უნდა, აჩენს ეჭვებს ამ ორგანიზაციის ნეიტრალობასთან დაკავშირებით.
„ამ მხრივ, NDI კარგი მაგალითია, რადგან ერთი მხრივ, მათ ფორმირებული აქვთ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია. აქვთ პრეტენზია, იყვნენ დამკვირვებლები. შეგახსენებთ, საერთაშორისო სტანდარტით, ეუთო/ოდირის ქცევის წესების მიხედვითაც, დამკვირვებელი უნდა იყოს ნეიტრალური. ისინი აცხადებენ, რომ არიან ნეიტრალური დამკვირვებლები წინასაარჩევნო პროცესისა და არჩევნების. ამავე დროს, NDI არის ორგანიზაცია, რომელიც დაატარებს რადიკალურ ოპოზიციას სხვადასხვა აქტივობაზე. ჩვენ ვნახეთ, რომ ხან მათ წინასაარჩევნო სტრატეგიის დახმარების ღონისძიებებს აორგანიზებს, ახლა უკვე პირდაპირ წინასაარჩევნო შეხვედრების ორგანიზებისთვის მადლობას უხდიან NDI-ს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, აჩენს ეჭვებს ამ ორგანიზაციის ნეიტრალობასთან დაკავშირებით. ამიტომ, ვფიქრობ, შეუძლებელია, ისინი არ ფიქრობდნენ და არ იცოდნენ, რომ ამ ქცევით არღვევენ ნეიტრალიტეტს. როგორც ჩანს, ამის მიუხედავად, არის გარკვეული უხეში ჩარევის მცდელობა წინასაარჩევნო გარემოში.
კიდევ ერთხელ, ჩვენ გვსმენია ბევრი პრეტენზია არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით რუსეთის მხრიდან, საიდანაც ყოველთვის მაღალია რისკები საქართველოში, მაგრამ არა მხოლოდ საქართველოში, ევროპაში, ამერიკაშიც გვსმენია განცხადებები, როგორ ცდილობს, ჩაერიოს რუსეთი, თუ სხვა სახელმწიფო ევროპულ თუ ამერიკულ არჩევნებში. ასეთი სტანდარტით რომ ხდება შემდეგ ამერიკული თუ ევროპული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოში ოპერირება, ეს რამენაირად ჯდება დემოკრატიულ ღირებულებებში? ეს რამენაირად არის ის, რასაც ჩვენ ვესწრაფვით, კონსტიტუციის ჩანაწერში რაც გვაქვს, 78-ე მუხლში? ეს არის ღირებულება? რომ უცხოური ორგანიზაცია ჩამოვიდეს, აქ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში დაეხმაროს, შემდეგ მის განხორციელებაში დაეხმაროს, თან ამავე დროს გამოვიდეს და პრეტენზიებით გვითხრას, რომ არის ნეიტრალური დამკვირვებელი და დაწერს ანგარიშს ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა 2020 წელს ISFED-ის ყალბი პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ USAID-მა, რომელიც არის აშშ-ის სახელმწიფო სააგენტო, მათ ყალბ მონაცემებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდათ და საზოგადოებას და ხელისუფლებას ამ ფაქტს უმალავდნენ.
„შეგახსენებთ, 2020 წელს ISFED-ის ყალბი პარალელური დათვლის შედეგებს. საზოგადოებას ერთი თვის, თუ თვენახევრის განმავლობაში რომ ასაზრდოებდა ყალბი ციფრებით, ის ციფრები გამოთვლილი იყო NDI-ის მიერ ISFED-თვის მიცემული პროგრამით. შემდეგ ამბობდნენ, რომ პროგრამაში შეცდომა იყო. ეს პროგრამა NDI-ის პროგრამაა. ამიტომ, დღემდე ჩვენ არ გვსმენია, საბოლოო ჯამში რა გამოძიება ჩატარდა ამ პროგრამასთან დაკავშირებით. ეს შეცდომა ვის როგორ მოუვიდა, შეცდომა იყო თუ არა. უფრო მეტიც, ჩვენ გავიგეთ, თურმე ის, რომ ეს ინფორმაცია იყო მცდარი, ერთი თვის განმავლობაში ამის შესახებ იცოდა ISFED-ის დონორმა ორგანიზაციამ, USAID-მა, რომელიც არ არის ჩვეულებრივი ფონდი. ეს არის აშშ-ის სახელმწიფო სააგენტო. გაირკვა, რომ იცოდნენ მცდარი ციფრების შესახებ. ყველაფერი – ხალხის მღელვარება და ოპოზიციის აჟიტირება ტყუილს ეფუძნებოდა. ISFED-ი იმეორებდა ამ ტყუილს მთელი ნოემბრის განმავლობაში, 12 დეკემბრამდე. გაირკვა, რომ ეს პერიოდი USAID-ის ადგილობრივმა წარმომადგენელმა, ეს ყველაფერი იცოდა და ამას არ ეუბნება არც საქართველოს ხელისუფლებას, არც ქართველ ხალხს. ხალხი ნერვიულობდა, გაყალბდა, არ გაყალბდა, თურმე ყველაფერი ტყუილი ყოფილა და USAID-ი იყო ამაში ჩართული”, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თმით, მას არაერთხელ ჰქონდა მცდელობა, USAID-ის ხელმძღვანელობის, საელჩოების, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების დონეზე, გაერკვია თუ რასთან გვქონდა საქმე 2020 წლის არჩევნების დროს.
„დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მივმართეთ, მეც პირადად, USAID-ის ხელმძღვანელობის, საელჩოების, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების დონეზე, დავაყენე საკითხი, რასთან გვქონდა საქმე 2020 წლის არჩევნების დროს, როდესაც ყალბი პარალელური დათვლის შედეგები ვრცელდებოდა და როდესაც გაირკვა, რომ აშშ-ის სახელმწიფო სააგენტომ, USAID-მა იცოდა და მალავდა. დღემდე არ გვსმენია პასუხი, ჩატარდა თუ არა გამოძიება, რა გაირკვა, რა იცოდა USAID-მა, საელჩომ, ვინ რა იცოდა და რომ იცოდნენ, რატომ მალავდნენ ამ ყველაფერს, რაც, საბოლოო ჯამში, იყო საქართველოში ამ რევოლუციური ტალღის ერთ-ერთი ინსპირატორი. ეს იყო პარლამენტის ექვსთვიანი ბოიკოტირების ინსპირატორი და პოლარიზაციის მთავარი საფუძველი მაშინ ISFED-ის მხრიდან ყალბი რიცხვების გავრცელება. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, უცხოეთიდან, გარკვეული პედესტალიდან შეფასებებზე, რომ მოლოდინი არის სამართლიანი, ჯერ გვიპასუხონ კითხვაზე, რა იცოდა USAID-მა 2020 წელს, რატომ მალავდა, რომ იყო მცდარი პარალელური დათვლის მონაცემები, რატომ სწირავდა ქართულ საზოგადოებას არეულობისთვის. ამაზე გვაინტერესებს პასუხები. ვის ინტერესებს ატარებს ესა თუ ის ორგანიზაცია ამაზე არის ხშირად საუბარი. არცერთი არცერთი „ენჯეო“ ვინც დაკვირვების პროცესშია ჩართული და ოპოზიციური მედია არ დაინტერესებულან საკითხით, რომ გამოიკვლიონ, ვინ რა იცოდა. რა თქმა უნდა, არ უნდათ, რადგან ფინანსდებიან თავად ამ წყაროებიდან. არ უნდათ, რომ კრიტიკულები იყვნენ თავისი დონორის მიმართ. ეს არის საერთო ჯამში ლოიალობა არა ქვეყნის, არამედ საკუთარი დონორის მიმართ. ამიტომ, ეს ტენდენციები ძალიან სახიფათოდ მეჩვენება იმ მხრივ, რომ ვხედავთ საქართველოს არჩევნებში ჩარევის მცდელობებს, ვხედავთ ოპოზიციის წაქეზების, მათი დღის წესრიგის, როგორც დალაგების, ისე ორგანიზების მხრივ”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.