როგორც ჩანს, შვედეთის საელჩოს არ ესმის თუ რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება. ტყუილი გამოხატვის თავისუფლება არ არის, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში შვედეთის საელჩოს მიერ „იმედისთვის“ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისი თქმით, ანტიევროპული ქცევაა, როდესაც სხვა ქვეყანაში აფინანსებ ორგანიზაციას და ეგუები, რომ ეს ორგანიზაცია დეზინფორმაციას ავრცელებს.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, დეზინფორმაცია 21-ე საუკუნეში ქვეყნების დესტაბილიზაციის ერთ-ერთი იარაღია.
„ვხედავთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“ მიზანმიმართულად, კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ თითქოს პარლამენტის სხდომისთვის საჭიროა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, თითქოს ოპოზიციას შეუძლია პარლამენტის შეკრება დაბლოკოს. მე მოვუწოდე მათ, განმარტებები გაკეთებინათ და ისინი დუმან. ისინი განზრახ ავრცელებენ დეზინფორმაციას კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ იმისთვის, რომ საზოგადოება დააბნიონ.
როდესაც ამას ხედავს დონორი და კითხვაზე პასუხად ამბობს, რომ ეს არის სიტყვის თავისუფლება – ეს არის ტყუილი, ვინაიდან დეზინფორმაცია არ არის დაცული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით, ამიტომ, როგორც ჩანს შვედეთის საელჩოს არ ესმის თუ რას ნიშნავს გამოხატვის თავისუფლება. ტყუილი გამოხატვის თავისუფლება არ არის.
როდესაც ხედავს, რომ შვედეთის მოქალაქეების ფულის გამოყენებით ორგანიზაციები ძირს უთხრიან დემოკრატიას სხვა ქვეყანაში, მათი პასუხისმგებლობაა, რომ ამაზე რეაგირება ჰქონდეთ. თუმცა ეს გასაკვირი არ არის იმ ფონზე, როდესაც შვედეთის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საერთაშორისო სამართლის დარღვევით პარლამენტის წინ მიტინგებს გვიტარებდა და ხალხს მოუწოდებდა „მაიდანისკენ“. ამიტომ გასაკვირი არ არის რომ საელჩო აცდენილია ადეკვატურ პასუხებს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რასაც წარმოქმნის ის ფული, რომელიც შვედური ბიუჯეტიდან იხარჯება საქართველოში. ასეთი ზოგადი წინადადებით პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, ვინაიდან, როდესაც სხვა ქვეყანაში შენი ქვეყნის ფული აზიანებს სხვა საზოგადოების ინტერესებს, ეს ანტიევროპული ქცევაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.