გადამდგარი ელჩის ინტერვიუს პრეზიდენტ ტრამპის მიერ პროპაგანდისტობაში მხილებული „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს – არც ერთი და არც მეორე ჩვენთვის საინტერესო არ არის! შეგახსენებთ, რომ თავის დროზე „რადიო თავისუფლება“ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ შექმნა და ფარულად მისი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომელმაც ექსკლუზიური ინტერვიუ „რადიო თავისუფლებას“ მისცა.
ჟურნალისტის კითხვის პასუხად პაპუაშვილმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ გადამდგარი ელჩის განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას აზრი არა აქვს და ამის ინტერესი არ გააჩნია.
„პროპაგანდისტული მედია თავად ტრამპის მიერ არის მხილებული და დაფინანსებაშეწყვეტილი. მისი სურვილია, რომ „რადიო თავისუფლება“, როგორც პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, საერთოდ დაიხუროს. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე “რადიო თავისუფლება“ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ შექმნა და ფარულად მისი ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. შემდეგ გარკვეული სხვა სქემები დალაგდა, თუმცა ეს არის ოფიციალურად პროპაგანდისტული მედია. მათი მხრიდან გავრცელებულ გადამდგარი ელჩის ინტერვიუზე ზედმეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ!
ჩვენს ორს შორის ვადამდე ვინ გადადგა, მგონი, ყველა ხედავს – ასე რომ, როგორც იტყვიან, ყველაფერი გასაგებია. გადამდგარი ელჩის განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთება ჩვენი ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც რობინ დანიგანმა “რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისადმი “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და ვაშინგტონში უკიდურესად ცუდად მიიღეს.
დანიგანმა “რადიო თავისუფლებას“ უთხრა, რომ მას ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრა სურდა, რადგან “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წერილზე ჰქონდა პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან.
“ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის, პირადი წერილი. ეს არ არის საჯარო წერილი, რომელიც, გულწრფელად გეტყვით, იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში. უკიდურესად ცუდად…. ამიტომ, დაგვჭირდა გარკვეული დრო პასუხის მოსაფიქრებლად. ეს მართალია. ვფიქრობ, გარკვეული დრო დაგვჭირდა იმიტომ, რომ ხალხი ძალიან გაოცებული იყო ასეთი წერილის გამოგზავნით ერთი ქვეყნის მიერ ჩემი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
მან ასევე ისაუბრა, თუ როგორ წარიმართა მოლაპარაკებები ივანიშვილთან შეხვედრაზე, რაზეც საელჩომ უარი მიიღო.
“ამასობაში, სანამ ჩვენ პასუხზე ვფიქრობდით, პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი. მაშინ მე მივედი პრემიერ-მინისტრთან და ვუთხარი, რომ მაქვს პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელმაც მთხოვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს გადავცე. ბიძინა ივანიშვილმა თქვა უარი“, – აღნიშნა ელჩმა.
რობინ დანიგანი ასევე აცხადებს, რომ “პრემიერ-მინისტრს ნებისმიერ დროს სიამოვნებით“ შეხვდება, თუმცა “ცალკე მას არ უთხოვია მასთან შეხვედრა“.
“რადიო თავისუფლების“ დამაზუსტებელ კითხვაზე, იკითხა თუ არა რობინ დანიგანმა ვაშინგტონში, რატომ უნდა გადაეცა აღნიშნული გზავნილი ბიძინა ივანიშვილისთვის და არა ირაკლი კობახიძისათვის, ელჩმა განაცხადა: – “ვფიქრობ, მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობამ იცის, რომ მთავრობას მართავს ბიძინა ივანიშვილი“.
