რა მოხდებოდა, „არაჟნის რევოლუციის“ გეგმა რომ განხორციელებულიყო და ამ ომს ხელისუფლებაში ის ე.წ. „გულწრფელი მოქალაქეები“ დახვედროდნენ? ხომ შევიდოდნენ ესკალაციის სპირალში, რომლის ბოლოშიც გარანტირებულად ომია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა, როდესაც „მეორე ფრონტის“ გახსნის საკითხზე საუბრობდა.
მისი თქმით, მოწოდებები პირდაპირ იყო მიმართული საქართველოში მოვლენათა ისეთი განვითარებისკენ, რომელსაც საბოლოო ჯამში სამხედრო ავანტიურა და მეორე ფრონტის გახსნა უნდა მოეტანა.
„ხომ დაუჯერებელია დღეს ამ გზავნილების მოსმენა? ჩვენს ოპონენტებს ხომ ასევე არ სჯეროდათ როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე იდენტურ ამბებს ჰყვებოდნენ საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის შესახებ?! ეს მოწოდებები პირდაპირ იყო მიმართული საქართველოში მოვლენათა ისეთი განვითარებისკენ, რომელსაც საბოლოო ჯამში სამხედრო ავანტიურა და მეორე ფრონტის გახსნა უნდა მოეტანა. თუმცა, ეს არ გამოვიდა საქართველოში და ამიტომ ამ გეგმას მოგონილი დაარქვეს. კი მაგრამ, არ გაიხსნა მეორე ფრონტი რუსეთ-უკრაინის ომში?!
აბა გავიხსენოთ კურსკის ოპერაცია, როდესაც უკრაინამ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ნაწილი დაიკავა ზუსტად იმ მიზნით, რომ რუსული ძალების გადასროლა მომხდარიყო ძირითადი ფრონტიდან მოშორებით და ამით შემსუბუქებულიყო სამხედრო ზეწოლა. შევხედოთ ამ ოპერაციის მასშტაბებს: 15 000 ჯარისკაცი უკრაინის მხრიდან, 60 000 ჯარისკაცი რუსეთის მხრიდან და გავიხსენოთ 2008 წლის ომის მონაცემები. მასშტაბი ერთი ერთშია. სწორედ ეს კურსკი უნდა მომხდარიყო საქართველოში, რომელიც ბევრად უკეთესი პოლიგონი იქნებოდა პოლიტიკური მიზნების თვალსაზრისით. კიდევ ერთი მსხვერპლი სახელმწიფო, კიდევ ბევრი მგლოვიარე ქალი და ცრემლიანი ბავშვი, რაც დამატებითი წნეხი იქნებოდა სამხედრო დახმარებაზე მოყოყმანე ქვეყნებისთვის.
ახლა კი დავფიქრდეთ, რა მოხდებოდა, „არაჟნის რევოლუციის“ გეგმა რომ განხორციელებულიყო და ამ ომს ხელისუფლებაში ის ე.წ. „გულწრფელი მოქალაქეები“ დახვედროდნენ, ვინც უკრაინაში დაწყებული ომის პარალელურად უკრაინულ დროშაში გახვეულები რუსთაველიდან მეომრების გაგზავნას, ცის ჩაკეტვას და სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ? ხომ შევიდოდნენ იმ ესკალაციის სპირალში, რომლის ბოლოშიც გარანტირებულად ომია. ხომ მოხდებოდა აქ კურსკი. ხომ იქნებოდა აქ მეორე ფრონტი.
ეს სცენარი ავარიდეთ ჩვენს ქვეყანას და სწორედ მეათე მოწვევის პარლამენტი ჩადგა ამ პოლიტიკური თავდაცვის ღონისძიებების ავანგარდში,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ანგარიშის წარდგენისას ასევე განაცხადა, რომ 2021 წლის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა, ქვეყანაში, არაჟნის კონტეინერით შემოაპარა მიხეილ სააკაშვილი, რომლისთვისაც გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შედეგის გამოქვეყნებისთანავე რევოლუციური სცენარი.
მისი თქმით, ყველა ობიექტური კვლევა აჩვენებდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ხალხის ლეგიტიმაციისა და მხარდაჭერის პრობლემა არ ჰქონდა და ადგილობრივ არჩევნებსაც დამაჯერებლად იგებდა, ამიტომ, ახალმა რევოლუციურმა გეგმამაც არ დააყოვნა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართულმა სახელმწიფომ უცხო სპეცსამსახურებისა და მათთან მოთანამშრომლე შიდა ძალების მიერ დაგეგმილი და შესრულებული დარტყმა მიიღო.
„არჩევნებამდე ორი დღით ადრე, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურმა, ქვეყანაში, არაჟნის კონტეინერით, შემოაპარა მიხეილ სააკაშვილი, რომლისთვისაც გამზადებული ჰქონდათ არჩევნების შედეგის გამოქვეყნებისთანავე რევოლუციური პროცესის დაწყების სცენარი. ფაქტების ქრონოლოგიისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ უცხოური სპეცსამსახურების დახმარებით საქართველოში შემოპარვამდე ორი დღით ადრე სააკაშვილი ბრიუსელის კორიდორებში დადიოდა და შეხვედრებს მართავდა. რევოლუციის ეს მცდელობაც ჩავარდა. სახელმწიფოს უსაფრთხოების სტრუქტურებმა სააკაშვილი არჩევნების წინა ღამეს დააკავეს.
მავრმა თავისი საქმე ვერ გააკეთა, თუმცა მავრი მაინც სასარგებლო აღმოჩნდა, არჩევნებში დამარცხებულმა ოპოზიციამ მორიგი ისტერია დაიწყო სააკაშვილის გამოგონილ სიკვდილთან დაკავშირებით, რომელიც მას თითქოსდა შიმშილობის გამო ემუქრებოდა. იწერებოდა წერილები, ეწყობოდა აქციები, უცხოელი ელჩები ცრუ დემარშებით და ფატალისტური კითხვით – „და, რომ მოკვდეს?“ – ცდილობდნენ მთავრობის შანტაჟს, სააკაშვილის კურატორი ბალტიელი ევროპარლამენტარები მართავდნენ დებატებს, იღებდნენ რეზოლუციებს და ნემსის ყუნწში ძვრებოდნენ, რათა ხელისუფლებაზე უკანონო ზეწოლით სააკაშვილი კანონიერი სასჯელისგან დაეხსნათ და განზრახული რევოლუცია ხახვივით შერჩენოდათ. თუმცა ეს მცდელობაც ამაო აღმოჩნდა. სააკაშვილი ჰიპოკრატეს ფიცს გადაბიჯებული ექიმების მიერ დასმული დემენციისგან სასწაულებრივ განიკურნა და მშვიდად აგრძელებს მისი კანონიერი სასჯელის მოხდას,” – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობას და ხელისუფლებას კარგად ესმოდა, რას ნიშნავდა რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოსთვის.
“დაწყებული ომის მასშტაბი სულ იოლად გადმოგვწვდებოდა და რუსული ტანკი არაერთხელ გაკვალულ გზას კიდევ ერთხელ გამოივლიდა. რისკის სიდიდემ, ფრთხილმა პოლიტიკამ და ეროვნული ინტერესების წინ დაყენებამ „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აქცია ოპონენტთა სამიზნედ. საქართველოს ხელისუფლებამ რუსული აგრესიის პირველივე დღეებიდან დააფიქსირა მკაფიო პოზიცია, სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას, ჩაერთო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროცესში, რამშტაინის ფორმატში, ბოლომდე დატოვა დიპლომატიური მისია კიევში, დაგმო ომი და დადგა მშვიდობის მხარეს,” – განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ომის პირველივე დღეებში გაიხსნა დესტრუქციისა და დივერსიის ცეცხლი ხელისუფლების წინააღმდეგ. ,,მივიღეთ რადიკალური ოპოზიციის მორიგი საპროტესტო ტალღა მოთხოვნით, გავაგზავნოთ მოხალისეები უკრაინაში, დავუწესოთ ორმხრივი სანქციები რუსეთს, ჩავკეტოთ ცა, შემოვიღოთ ვიზები, მოკლედ, წავიდეთ სრულ და უპირობო ესკალაციაზე. ჩვენ წინ აღვუდექით იმ ერთობლივად შემუშავებულ და გაზიარებულ სამოქმედო გეგმას, რისკენაც, სხვადასხვა არხების გამოყენებით, ერთ ხმაში მოგვიწოდებდნენ ჩვენი დაუძინებელი „კეთილისმსურველები“. დახურულ შეხვედრებზე ყველა ეს გზავნილი გაცილებით პირდაპირი, ღია და ცალსახა იყო. ამას ალაპარაკებდნენ დიპლომატებს და ამას გვეუბნებოდნენ ვიზიტად მოვლენილი ემისრები, ამას იმეორებდნენ გარედან მართული პარტიები და უცხო ინტერესების გამტარებელი ენჯეოები – “გამოვიყენოთ შესაძლებლობის ფანჯარა”, “თუ საომარია, უნდა ვიომოთ”, “დადექით ისტორიის სწორ მხარეს”, “ბომბების ცეცხლი სჯობს სირცხვილისგან წვას”, “მერე რა, თუ ომი დაიწყება, რუსეთი სრულად მაინც ვერ გაგაკონტროლებთ” – იცვლებოდნენ გზავნილის გამხმოვანებლები, თუმცა არ იცვლებოდა მთავარი გზავნილი, რომელიც თითქოს ერთი სახელმძღვანელოდან იყო ამოკითხული. საქართველოში მეორე ფრონტი უნდა გახსნილიყო,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
