რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ საგარეო დახმარების გამოყენების მავნე პრაქტიკა ამხილა, მოლოდინი იყო, რომ ევროკავშირიც კრიტიკულად შეხედავდა როგორ იყო ჩართული ევროკავშირის ფული, მათ შორის, საქართველოში სხვადასხვა მავნე პროცესის დაფინანსებაში – ბრიუსელი იმ პრობლემებს უფრო ემალება და თვალს არ უსწორებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, „ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რაც არის გასაკეთებელი ამ ურთიერთობების [ბრიუსელისა და საქართველოს] გასაუმჯობესებლად“.
„საქართველო არსად არ იკარგება, არის იქ, სადაც ვართ. ვართ ნაწილი და თანაშემოქმედი ევროპული ცივილიზაციისა და მათ შორის იმ ევროპისა, რომელიც თანამედროვე გაგებით არსებობს მისი დემოკრატიით, უფლებების დაცვით და ა.შ. ამ ყველაფრის თანაშემოქმედია ქართველი ხალხი ჯერ კიდევ, პირველი რესპუბლიკიდან დაწყებული. რაც შეეხება ურთიერთობებს ევროკავშირთან, არაერთხელ გვითქვამს და ბრიუსელში ძალიან კარგად იციან, თუ რა დამოკიდებულება აქვს ქართველ ხალხს, რა პრეტენზიები აქვს ქართველ ხალხს ბრიუსელის მიმართ. ამიტომ, ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რა არის გასაკეთებელი. გასაკეთებელია ის, რომ უპირველესად, არ მოხდეს საქართველოში ევროკავშირის ბიუჯეტიდან ძალადობის, პროპაგანდის, ზიზღის ენის დაფინანსება. არ მოხდეს არჩევნებში ჩარევა, რასაც ჩვენ სამწუხაროდ, ვხედავთ. ზუსტად ამის მიმართ აქვს ქართველ ხალხს საკუთარი პრეტენზიები. ამიტომ, ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რაც არის გასაკეთებელი ამ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და ჩვენ შესაბამის ნაბიჯებს ველით. მას შემდეგ, რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ საგარეო დახმარების გამოყენების მავნე პრაქტიკა ამხილა, ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ევროკავშირიც კრიტიკულად შეხედავდა, იმას თუ როგორ იყო ჩართული სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, სხვადასხვა მავნე პროცესის დაფინანსებაში ევროკავშირის ფული. ჩვენ შემთხვევით ვიგებდით, რომ მაგალითად, „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანია ფინანსდებოდა ევროკავშირიდან; ვიგებდით, რომ რადიკალური პარტიები ფინანსდებოდნენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, რაც კანონითაც აკრძალულია. ასევე, პროპაგანდისტული მედია ფინანსდებოდა ევროკავშირის ბიუჯეტით. ვხედავთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან ხელფასს იღებენ, ვგულისხმობ სხვადასხვა „ენჯეო“ აქტივისტს, სიძულვილის ენასა და ზიზღს ავრცელებენ. ცდილობენ, ადამიანები ერთმანეთს დააპირისპირონ. ამ ყველაფერს ბრიუსელის მხრიდან კრიტიკული გაანალიზება სჭირდება. ამას მოელის ქართველი ხალხი მისგან. ეს ნაბიჯებია გადასადგმელი იმისთვის, რომ ბრიუსელმა შეძლოს ქართველ ხალხთან ურთიერთობის დაბრუნება იმ კალაპოტში, რომელიც ჩვენი მოლოდინია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ამ მხრივ გადამწყვეტ ნაბიჯებს. ვხედავთ, რომ ბრიუსელი იმ პრობლემებს უფრო ემალება და თვალს არ უსწორებს, როგორც ეს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ გააკეთა. რაც არ უნდა მალოს ბრიუსელმა, ჭირი თავს არ დამალავს. ის მავნე პრაქტიკები, რაც არსებობს, საბოლოოდ, თავს იჩენს და აზიანებს თავად ევროკავშირის რეპუტაციას, მათ შორის, ქართველი ხალხის თვალში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
