ჩვენ ვხედავთ, რომ რასა იუკნევიჩიანეს ვერაფერს ვეღარ გავაგებინებთ. ადამიანს აქვს ორგანული მიუღებლობა ქართველი ხალხის მიმართ, მას აქვს თავისი პირადი დამოკიდებულება და ისტორია სტალინთან დაკავშირებით და გადაგვაყოლა მის ზიზღს სტალინთან, გადაგვაყოლა მთელი ერი, აქედან გამომდინარე, ჩვენ მას ვერაფერს ვერ ავუხსნით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, მისი გუნდის ამოცანაა, ელაპარაკონ ევროკავშირის მოქალაქეებს და და აჩვენონ, „თუ რა სამარცხვინო გზაზე დგას ზოგიერთი ხელისუფლება თუ ბრიუსელის ზოგიერთი ინსტიტუტი.
პაპუაშვილის განმარტებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ევროკავშირის მოქალაქეებს აუხსნან, რომ „მათი ფული მიედინება პროპაგანდის, ძალადობის, სიძულვილისა და ზიზღის დათესვაში, რათა შემდეგ ისინი მივიდნენ თავის ინსტიტუციებში და მოსთხოვონ პასუხი ამ მავნებლობისთვის“.
„რაც შეეხება ანტი-ქართულ ჯგუფებს ევროპის პარლამენტში, რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ, ამ დღეებში იყო საუბარი, რომ ისინი აპირებდნენ გარკვეულ პერფორმანსს ევროპარლამენტის შენობაში და აპირებდნენ, სავარაუდოდ, ზოგიერთი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტის ფოტოებით დადგომას. ძალიან ველოდებოდი მე ამ პერფორმანსს და წარმომედგინა. მათი ფანტაზია ძირითადად ასეა ხოლმე – ფოტოებს ბეჭდავენ, დგანან და ითხოვენ. გვახსოვს ყველას, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას როგორ ითხოვდნენ ასეთი პერფორმანსით. ველოდებოდი მე ამ მომენტს და ვფიქრობდი, როგორც კი დავინახავდი ამ ფოტოს, რომელზეც იქნებოდა მორიგი მოწოდება რომელიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ავიღებდი ამ ფოტოს, ავიღებდი ძველ ფოტოს, სადაც „Free Misha” ეწერა, ერთად დავაწებებდი და დავდებდი „ფეისბუკზე“. და რა ნახა ჩემმა თვალებმა, არც კი დამჭირდა ეს – ვნახე პერფორმანსი, სადაც პირდაპირ სააკაშვილი, მელია, ყველა ადამიანი მათ ერთ ქვაბში ჰყავთ მოხარშული – ეს აჩვენებს, საერთო ჯამში, ვისთან გვაქვს საქმე. სირცხვილია, როდესაც ანტი-ქართული პოლიტიკა ტარდება ევროპარლამენტის კედლებში, ეს არის სირცხვილი ევროპის, ეს არის სირცხვილი ბრიუსელის, როდესაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ პოლიტიკას ეთმობა პლატფორმა ამ მნიშვნელოვან ინსტიტუციაში.
რაც შეეხება (რეზოლუციის) ალტერნატიულ პროექტს, ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა ვიხილოთ ევროკავშირში. გვინდა, ვიხილოთ საღი აზრი, გვინდა ვიხილოთ იმ ძალების გაძლიერება, რომლებიც საღ აზრზე, ელემენტარულ საბაზისო გაგებაზე და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე მოქმედებენ და კარგია, რომ სულ უფრო მძლავრდება და ძლიერდება ასეთი პოლიტიკური წარმომადგენლობა ევროპარლამენტში. ზუსტად ასეთი ევროკავშირისკენ ვიყურებით ჩვენ და არა იმ ანტი-ქართული ჯგუფებისკენ ებრძვიან საქართველოს და ცდილობენ, საქართველო ინსტრუმენტად გამოიყენონ საკუთარი შიშების დასაძლევად, ასე რომ, მისასალმებელია, თუ კი ალტერნატიული აზრი სულ უფრო მეტად და მეტად ფეხს იკიდებს.
ჩვენ ვხედავთ, რომ რასა იუკნევიჩიანეს ვერაფერს ვეღარ გავაგებინებთ. ადამიანს აქვს ორგანული მიუღებლობა ქართველი ხალხის მიმართ, მას აქვს თავისი პირადი დამოკიდებულება და ისტორია სტალინთან დაკავშირებით და გადაგვაყოლა მის ზიზღს სტალინთან, გადაგვაყოლა მთელი ერი, აქედან გამომდინარე, ჩვენ მას ვერაფერს ვერ ავუხსნით.
ჩვენი ამოცანა ახლა არის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვეძიოთ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ძლიერდებიან, მათ შორის, ველაპარაკოთ მოქალაქეებს, ვაჩვენოთ, თუ რა სამარცხვინო გზაზე დგას ზოგიერთი ხელისუფლება თუ ბრიუსელის ზოგიერთი ინსტიტუტი და თავად ევროკავშირის მოქალაქეებმა მოსთხოვონ პასუხი იმ ფულის ხარჯვაში, მათ შორის, საქართველოში, რომელიც მიედინება პროპაგანდის, ძალადობის, სიძულვილისა და ზიზღის დათესვაში ქართულ საზოგადოებაში. ეს თავად ევროკავშირის მოქალაქეებმა უნდა შეძლონ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროკავშირის მოქალაქეებს ავუხსნათ ეს, რათა შემდეგ ისინი მივიდნენ თავის ინსტიტუციებში და მოსთხოვონ პასუხი იმ მავნებლობისთვის, რასაც ჩვენ ვხედავთ ხანდახან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
