შალვა პაპუაშვილი – რადიკალური ოპოზიცია და რამდენიმე მდიდარი „ენჯეო“ დაკავებულია „სოფლის მაშენებლების“ მიდგომით, ერთი იმღერებს, მეორე დროშას შეკერავს და ჰგონიათ, ამის გამო მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა და მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი

რადიკალური ოპოზიცია და რამდენიმე მდიდარი „ენჯეო“ დაკავებულია „სოფლის მაშენებლების“ მიდგომით, ერთი იმღერებს, მეორე დროშას შეკერავს, მესამე პრეზენტაციას ჩაატარებს, კლიპს გადაიღებს და ჰგონიათ, ამის გამო მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა და მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დღეს გამართულ „ევროპული მარშს“ გამოეხმაურა.
მისივე თქმით, 90-იანი წლების ესთეტიკა გადმოიტანეს 21-ე საუკუნეში.
„ჩემთვის, ამ ყველაფერში, ისევე, როგორც ზოგიერთ სხვა აქტივობაში „სოფლის მაშენებლების“ ესთეტიკა ჩანს უფრო მეტად. ეს არის მთავარი სხვაობა საქართველოს ხელისუფლებასა და რადიკალურ ოპოზიციას და მდიდარ ენჯეოებს შორის.
საქართველოს ხელისუფლება საქმით არის დაკავებული. ჩვენ ვაშენებთ ამ ქვეყანას, ჩვენ ვაშენებთ საქართველოს ევროპულ სახლს. ამ მუშაობის შედეგია ზუსტად ევროპული კომისიის დასკვნაც და ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მოველით.
რადიკალური ოპოზიცია და რამდენიმე მდიდარი „ენჯეო“ კი დაკავებულია „სოფლის მაშენებლების“ მიდგომით, ერთი იმღერებს, მეორე დროშას შეკერავს, მესამე პრეზენტაციას ჩაატარებს, კლიპს გადაიღებს და ჰგონიათ, ამის გამო ჩვენ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა და მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. გვაქვს დადებითი შეფასება. ეს არის სამწუხარო ჩიხი, სადაც დღეს იმყოფება ელიტური „ენჯეოსექტორი“, რომელიც მილიონს ხარჯავს, რათა ფუჭი საქმით იყვნენ დაკავებული. ჰგონიათ, დროშის შეკერვა და აქციის ჩატარება არის საქმის კეთება და არა საქმის კეთება.
როდესაც საქმე იყო საკეთებელი, არც სამუშაო ჯგუფებში შემოვიდნენ. იცით, რომ ისინი ხელს უშლიდნენ პარლამენტის გადაწყვეტილებებს. მათი წარმოდგენაა, რომ ერთი იმღერებს, მეორე რაღაც აქციას ჩაატარებს და ამით სოფელი აშენდება. ეს არის 90-იანი წლების ესთეტიკა და გადმოიტანეს 21-ე საუკუნეში. ამხელა ფული, მილიონები იხარჯება უცხო ქვეყნიდან, რომ დააბრუნონ ჩვენი საზოგადოების გარკვეული სეგმენტი ისევ იმ ესთეტიკაში, რომ “ვაშა”-თი და ლოზუნგებით შენდება ქვეყანა და არა საქმის კეთებით.
კი ბატონო, ყველა თავისუფალია, შეუძლიათ, “ვაშა”-ც თქვან და ლოზუნგები ისროლოს, ლოზუნგების ქვეყანა საქართველომ დიდი ხანია, წარსულში დატოვა. საქართველოს ხელისუფლება დაკავებულია საქმით, სწორედ ამას მივყავართ ევროკავშირში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპის მოედანზე „ევროპული მარში“ დასრულდა. მოქალაქეები, პოლიტიკოსები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები თავდაპირველად ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ და ევროპის მოედნისკენ მსვლელობა გამართეს.
„ევროპულ მარშზე” მოქალაქეები სკანდირებდნენ – „ჩვენი ხმა ევროპას“. მათი განცხადებით, ამ ფორმით ევროპული ქვეყნების ლიდერებს აწვდიან ხმას, რომ საქართველოს არ უნდა და საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. მსვლელობას საქართველოს პრეზიდენტი ც შეუერთდა.
ევროპის მოედანზე “ევროპული მარში” ევროკავშირის რეკორდული ზომის დროშის გაშლით დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ