შალვა პაპუაშვილი – პატრიარქის ეპისტოლე ეკუთვნის ყველას და ამავე დროს არავის – დასკვნები ყველამ ჩვენი თავიდან გამომდინარე უნდა გამოვიტანოთ

იმედი მაქვს, რომ პატრიარქის ეპისტოლეს მოწოდებას ყველა გაიაზრებს, გაიაზრებს იმას, რომ მნიშვნელოვანია არა ის, რაც მათ ინდივიდუალურ ინტერესებშია, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი ერისა და საზოგადოების ინტერესები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ქვეყნის ინტერესები სწორად დააპოზიციონირა და მშვიდობას საფრთხე არ შეუქმნა.
„მნიშვნელოვანი დღეა ქრისტიანული სამყაროსთვის. გუშინ დავესწარით საშობაო ლიტურგიას, მოვისმინეთ პატრიარქის ეპისტოლე და ის გზავნილები, რომელიც პატრიარქს ჰქონდა წლევანდელ ეპისტოლეში. მან ხაზი გაუსვა, ერთი მხრივ, მთავარ პრინციპს, რაც ნიშნავს ადამიანებს შორის სიყვარულს, რომელიც ადამიანს ღმერთისგან აქვს დანათლებული და მეორე – ყველამ საკუთარ მოყვასზე უნდა იფიქროს. ამპარტავნება, ეგოიზმი, ეს არის ის, რაც ადამიანს უშლის, რომ იფიქროს საერთო სიკეთეზე. იმედი მაქვს, რომ პატრიარქის ეპისტოლეს ამ მოწოდებას ყველა გაიაზრებს, გაიაზრებს იმას, რომ მნიშვნელოვანია არა ის, რაც მათ ინდივიდუალურ ინტერესებშია, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი ერისა და საზოგადოების ინტერესები. ჩვენი ერის და საზოგადოების ინტერესი კი არის მშვიდი განვითარება, არის ამ ქვეყანაში კეთილდღეობის ზრდა და ჩვენი საზოგადოების ინტერესია, რომ ამ გეოპოლიტიკურ ქაოსში, რომელშიც, სამწუხაროდ, დღეს სამყარო იმყოფება, საქართველო მშვიდად გავატაროთ. ხედავთ, სამი წელია, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, საქართველოს ხელისუფლებამ მიუხედავად მრავალი მცდელობისა შიგნიდან თუ გარედან, საქართველოს ინტერესები იმდენად სწორად დააპოზიციონირა ამ გარემოში, რომ ერთი წამითაც საფრთხე არ შეექმნა ჩვენს მშვიდობიან, უსაფრთხო და რაც მთავარია, ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც გამომდინარეობს უსაფრთხოებიდან და მშვიდობიდან.
პატრიარქის ნებისმიერი ეპისტოლე ეკუთვნის ყველას და ამავე დროს არავის. ყველამ უნდა წავიკითხოთ და ყველამ დასკვნები ჩვენი თავიდან გამომდინარე უნდა გამოვიტანოთ. ეს არის მთავარი არსი ეპისტოლესი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.