შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის მუშაობას არანაირი ხინჯი არ ექნება – გაიხსენეთ, ოპოზიცია – წივილი, კივილი, მაგიდებზე შეხტომა, ტრიბუნის ბლოკირება, ასეთი ხალხით ვიქნებით თუ მათ გარეშე, დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს

პარლამენტის მუშაობას, რა თქმა უნდა არანაირი ხინჯი არ ექნება – გაიხსენეთ, ოპოზიცია საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში – წივილი, კივილი, მაგიდებზე შეხტომა, ტრიბუნის ბლოკირება და ა.შ. ამომრჩევლის ინტერესიდან გამომდინარე არანაირი საპარლამენტო საქმიანობა მათ არ ჰქონიათ, – ასეთი ხალხით ვიქნებით თუ მათ გარეშე, დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან XI მოწვევის პარლამენტის საქმიანობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მეათე მოწვევის პარლამენტში ოპოზიცია ერთადერთი პოლიტიკური ტრიბუნისთვის და მედიისთვის მიდიოდნენ.
„პარლამენტის მუშაობას, რა თქმა უნდა არანაირი ხინჯი არ ექნება. მიმდინარე მოწვევის [ X მოწვევის] პარლამენტი ერთი წელი ოპოზიციის საბოტაჟის ფარგლებში მუშაობდა. თუ არ ვცდები, აგვისტო იყო, როცა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შემოვიდა და მშვენივრად იმუშავა. ამის შემდეგ ჯამში, “ნაციონალური მოძრაობის” ფრთა, პლენარული სხდომების 40%-ს ბოიკოტს უცხადებდნენ და არც მოდიოდნენ. რეალურად, პარლამენტის სხდომების ნახევარზე ისინი არ იმყოფებოდნენ. მეორე ნახევრიდან კიდევ ნახევარში მათ ნაცვლად მათი კოლეგები ატარებდნენ ხოლმე ბარათებს. ამის სტატისტიკას მე, როგორც სხდომის თავმჯდომარე, ცალკე ვხედავ ხოლმე, როდესაც რეალურად არ ზის ეს ადამიანი და მერე ატარებენ მისი კოლეგები ბარათებს, რომ ხელფასები მიიღონ და არ ჩამოეჭრათ. ასეთი პარლამენტი გვქონდა, არცერთი რეფორმისთვის მათ მხარი არ დაუჭერიათ, მათ შორის იმ რეფორმისთვის, რომლის საფუძველზეც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა. თუკი დარბაზში იყვნენ, ძირითადად, დესტრუქციას ჰქონდა ადგილი და მხოლოდ ამისთვის იყვნენ. გაიხსენეთ, ოპოზიცია საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში – წივილი, კივილი, მაგიდებზე შეხტომა, ტრიბუნის ბლოკირება და ა.შ. ამომრჩევლის ინტერესიდან გამომდინარე არანაირი საპარლამენტო საქმიანობა მათ არ ჰქონიათ. ერთადერთი ისინი პარლამენტში მოდიოდნენ პოლიტიკური ტრიბუნისთვის და მედიისთვის. მათი ძირითადი აქტივობა შემოიფარგლებოდა სამშაბათს, 12:00 საათზე გამოცხადებით, პოლიტიკური განცხადებების დროს, გააკეთებდნენ განცხადებას, რომელიც ჩაიწერებოდა, შემდეგ თანაშემწეს ეტყოდნენ, რომ მოეჭრათ, დაედოთ და გაეტანათ მედიაში – ადგებოდნენ და გადიოდნენ. ასე რომ, ასეთი ხალხით ვიქნებით თუ მათ გარეშე, დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.