ღრმად იმედგამაცრუებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების მრავალჯერადი მოწოდების მიუხედავად, ჩემი ბოლო წერილის ჩათვლით, ევროკავშირის მისია თავს არიდებს ზიზღისა და ძალადობის გამოვლინებისაგან დისტანცირებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჯგუფებისაგან მომდინარეობს – დროა, საქართველოთი დაინტერესებულმა ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათი ქმედებები ევროპულ ღირებულებების ჩარჩოში მოაქციონ, – ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომლითაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის მიმართავს.
შალვა პაპუაშვილი წერილს „ფეისბუქზე“ აქვეყნებს და განმარტავს, რომ რამდენიმე დღის წინ განმეორებითი წერილით მიმართა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, სადაც კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება „იმ შემაშფოთებელ მოცემულობაზე, როდესაც ევროკავშირის სახელი და დაფინანსება სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის მიზნებისთვის გამოიყენება“. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, დიპლომატს მიმდინარე წლის 30 მაისს მიმართა.
„მინდა გამოვხატო იმედგაცრუება იმის გამო, რომ საქართველოში ევროკავშირის მისიას საჯაროდ არ დაუგმია შეურაცხყოფების მიმდინარე კამპანია და აგრესიული თავდასხმები საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებზე, იმ ინდივიდების მხრიდან, რომლებსაც ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აფინანსებენ.
სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მისიის უმოქმედობა, ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ მოქმედი იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებას იღებენ, ქმნის იმგვარ გარემოს, რომელიც ნოყიერ ნიადაგს წარმოადგენს ზიზღის, ძალადობისა და პოლიტიკური პოლარიზაციისათვის.
ღრმად იმედგამაცრუებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების მრავალჯერადი მოწოდების მიუხედავად, ჩემი ბოლო წერილის ჩათვლით, ევროკავშირის მისია თავს არიდებს ზიზღისა და ძალადობის გამოვლინებისაგან დისტანცირებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჯგუფებისაგან მომდინარეობს. როგორც ჩემს წინა წერილში აღვნიშნე, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ დამფინანსებლების მხრიდან მსგავსი ქცევის რეაგირების გარეშე დატოვება, ამ ჯგუფებს აძლევს საშუალებას, ევროკავშირის მისიის უმოქმედობა შემდგომი ძალადობრივი ქმედებებისათვის მწვანე შუქის ანთებას ნიშნავს მიიღონ. იქმნება წარმოდგენა, რომ ზიზღი და ძალადობა შეიძლება „ევროპული ღირებულებების“ სახელით იქნეს გამართლებული. მეტიც, შემაშფოთებელია, რომ ზიზღის, ძალადობისა და პროპაგანდის დაგმობის ნაცვლად, გვესმის მხარდამჭერი განცხადებები იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც არიან ზიზღის, ძალადობისა და პროპაგანდის ორგანიზატორები.
ჩემი გაფრთხილება, რომ უმოქმედობა მწვანე შუქად იქნებოდა აღქმული, მალე გამართლდა. ვნახეთ, თუ როგორ დაესხნენ თავს ჟურნალისტს 9 მაისს, ევროკავშირის მისიის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეზე მოწვეული სტუმრები, რომლებიც, ცნობილი არიან, როგორც ევროპული დაფინანსების მიმღებები. სამწუხაროდ, ამის შემდეგაც კი, არ მოგვისმენია ამ ინციდენტის საჯარო დაგმობა. 17 მაისს, კვლავ „ევროპული ღირებულებების“ სახელით, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, იმავე პირებმა, რომელთა მიმართაც ევროპელი აქტორები მანამდე მხარდაჭერას გამოხატავდნენ. 22 მაისს, კვლავ „ევროპული ღირებულებების“ მოხმობით, გამართლებულ იქნა სიტყვიერი თავდასხმა და მუქარა პარლამენტის წევრ ირაკლი ზარქუას მიმართ, ორი პირის მხრიდან, რომლებიც ცნობილნი არიან, როგორც ევროპული დაფინანსების მიმღებები.
ჩემს წინა წერილში მე მივუთითებდი იმ საფრთხეებზე, რომლებიც თან ახლავს უარს, საჯაროდ და მკაფიოდ დაიგმოს ამგვარი რადიკალური ქმედებები, რომლებიც არა მარტო პოლიტიკურ პოლარიზაციას ასაზრდოებს, არამედ ქართულ დემოკრატიას ემუქრება. უკვე ვხედავთ, რომ მსგავსი სიჩუმით წაქეზებული ჯგუფები, მიუახლოვდნენ იმ წერტილს, რომლის მიღმაც ექსტრემიზმია და საიდანაც მობრუნება შეუძლებელი იქნება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვხედავთ, რომ ევროკავშირის დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თავიანთ განცხადებებსა და დოკუმენტებში, დაიწყეს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობის უარყოფა და ისეთი ტერმინების დამკვიდრება, როგორიცაა „არალეგიტიმური“ და „თვითგამოცხადებული“ პარლამენტი და მთავრობა. ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის „არალეგიტიმურად“ მოხსენიება და დემოკრატიული ინსტიტუტების არაღიარება თავად დემოკრატიის უარყოფაა. ამ კამპანიის კოორდინირებული ხასიათი ცხადყოფს, რომ საქმე გვაქვს ლეგიტიმური მთავრობის არადემოკრატიული მეთოდებით შეცვლისათვის იდეოლოგიური საფუძვლის მომზადებასთან. ცხადია, რომ, ნებისმიერი დემოკრატიული სტანდარტით, ეს არა გამოხატვის თავისუფლება, არამედ ექსტრემიზმია.
პასუხისმგებლიანი დონორობა წარმოადგენს არა არჩევანს, არამედ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებას, რომელიც გარანტირებულია „დახმარების ეფექტიანობაზე პარიზის დეკლარაციით“. ამ ვალდებულების დარღვევა, იმავდროულად, წარმოადგენს წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევას. ექსტრემისტული მიზნებისთვის დონორების დაფინანსების გამოყენებაზე უარის თქმა ამ ვალდებულების მთავარი კომპონენტია.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემი გაფრთხილებები არ იქნა გათვალისწინებული. ადრეც ვიხილეთ, რომ დახმარება, მათ შორის, ევროპული დახმარება, არადემოკრატიული მიზნებისთვის გამოიყენებოდა. აღნიშნული გვახსენებს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა სირცხვილიას“ კამპანიას, სახელწოდებით „მე ვისროლე“, რომელიც ევროპული დემოკრატიის ფონდის (EED) მიერ ფინანსდებოდა და მოლოტოვის კოქტეილის სროლას პროტესტის ლეგიტიმურ საშუალებად წარმოაჩენდა.
2023 წელს, როდესაც პირველად საქართველოს ისტორიაში მოლოტოვის კოქტეილი გამოიყენეს, ის არ იყო სათანადოდ დაგმობილი. პირიქით, ზოგიერთმა ამ აქტის რომანტიზება სცადა, რასაც მომდევნო წელს, ხალხისა და შენობების მიმართულებით ათობით მოლოტოვის კოქტეილისა და სხვა ფეთქებადი საშუალებების გამოყენება მოჰყვა. ამ ესკალაციაში, რთულია, ვერ შეამჩნიო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.
ევროკავშირის, როგორც მშვიდობის პროექტის, არსი მდგომარეობს არა მხოლოდ წევრ ქვეყნებს შორის ომის თავიდან არიდებაში, არამედ, აგრეთვე, მშვიდობიან გარემოში საზოგადოებების განვითარების შესაძლებლობების შექმნაში – ისეთ გარემოში, რომელიც თავისუფალი იქნება დეზინფორმაციის, ისტერიისა და ძალადობისგან. აღნიშნულის საპირისპიროდ, სიძულვილის, ძალადობისა და პროპაგანდის დაფინანსება ევროკავშირის ძირითადი ღირებულებების უარყოფას ნიშნავს.
დროა, საქართველოთი დაინტერესებულმა ევროკავშირის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათი ქმედებები ევროპულ ღირებულებების ჩარჩოში მოაქციონ. ეს არის ის საბაზისო ტესტი, რომელიც მათ ჯერ კიდევ ჩასაბარებელი აქვთ”, -ნათქვამია წერილში, რომლითაც პაპუაშვილი ელჩს მიმართავს.
