შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – ჰგონიათ, რომ არსებობენ ორი კლასის ქართველები, ქართველები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და რომლებიც არ ცხოვრობენ? ეს რამე ორი კასტაა? – ზუსტად ასეთივე მხარდაჭერა აქვთ ქვეყნის გარეთ

ჰგონიათ [ოპოზიციას], რომ არსებობენ ორი კლასის ქართველები? ქართველები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და რომლებიც არ ცხოვრობენ? ეს რამე ორი კასტაა? სხვადასხვაა ხალხი ვართ ქართველები ქვეყნის შიგნით და ქართველები ქვეყნის გარეთ? – ზუსტად ასეთივე მხარდაჭერა აქვთ ქვეყნის გარეთ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს საკითხის ისე წარმოჩენას, რომ „თითქოს საზღვარგარეთ მათ უფრო მაღალი მხარდაჭერა აქვთ და რაღაცნაირად ხელისუფლება ხელს უშლის იმას, რომ მათი მხარდამჭერები არჩევნებზე მივიდნენ“.
„ინტერპელაცია – კარგია, რომ ოპოზიცია ასეთ ინსტრუმენტებს იყენებს და ამისთვისაც არის, რომ თუკი მათ რაიმე კითხვები აქვთ მიიღონ პასუხები პლენარული სხდომის დარბაზში. დღეს მინისტრი [ილია დარჩიაშვილი] მოახსენებს მათ იმას, რაც ეხება საარჩევნო უბნებს საზღვარგარეთ და საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობას. ისევე როგორც სხვა წლებში, რა თქმა უნდა, მოწოდებულია როგორც საარჩევნო კომისია, ისე საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩოები, რომ იყოს კარგად ორგანიზებული ქვეყნის საზღვრებს გარეთ. რაც შეეხება, იმ კონტექსტს, რომელშიც ოპოზიცია აყენებს საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხს – თითქოს საზღვარგარეთ მათ უფრო მაღალი მხარდაჭერა აქვთ და რაღაცნაირად ხელისუფლება ხელს უშლის იმას, რომ მათი მხარდამჭერები არჩევნებზე მივიდნენ. ჯერ ეს ერთი, არ ვიცი, ჰგონიათ, რომ არსებობს ორი კლასის ქართველები? ქართველები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ქართველები, რომლებიც არ ცხოვრობენ საქართველოში? ეს რამე ორი კასტაა? სხვადასხვაა ხალხი ვართ ქართველები ქვეყნის შიგნით და ქართველები ქვეყნის გარეთ? როდესაც ქვეყნის შიგნით, თავისივე აღიარებით, ამბობენ, რომ ბარიერის გადალახვის პრობლემები აქვთ, ამბობენ, რომ 15%-ის ფარგლებშია „ნაციონალური მოძრაობა“. ამას რომ ამბობენ, რა ჰგონიათ, ქვეყნის გარეთ სხვანაირი სიტუაცია იქნება? საქართველოს საზღვრებსა გარეთაც ზუსტად ისეთივე ქართველები არიან, როგორც აქ. ოპოზიცია სინამდვილეში ისე წარმოადგენს, რომ ქვეყნის შიგნით სხვა ხარისხის ქართველები ვართ და ქვეყნის გარეთ სხვა ხარისხის ქართველები თუ რა ხდება? რა შუაშია [გაჭირვება]. ეს არის პრობლემა, რომ საქართველოში მცხოვრები ქართველები და გარეთ მცხოვრებები ჰგონიათ სხვადასხვა. ზუსტად ასეთივე მხარდაჭერა აქვთ ქვეყნის გარეთაც“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
გარდა ამ საკითხისა, ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ მიმდინარე წლის არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის აღებას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამაში „საზოგადოების განწყობა დაეხმარებათ“.
„ის განწყობები, რაც საზოგადოებაშია და ასევე, ის განწყობები, რასაც ვხედავთ ოპოზიციის აღიარებებში და არ აღიარებებში. რაც კვლევებში ჩანს, „ქართლი ოცნების“ მხარდაჭერა 60%-ის ფარგლებშია, „ნაციონალური მოძრაობის“ 15%-ის ფარგლებში. სხვა პარტიებს ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ. ეს სურათი აჩვენებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების რეალური შანსია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გარანტირებულია. ამიტომაც, ჩვენი მთავარი მოწოდება მოქალაქეების მიმართ არის ის, რომ იყვნენ მობილიზებულები, აქტიურები და მოვიდნენ არჩევნებზე. იმისათვის, რომ დაანახონ საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობილ ადამიანებს როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ, თუ სად დგას ქართული საზოგადოება. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ვერც ერთი პარტია ვერ ლახავს ბარიერს. [„2%-იან პარტიებზე“ საუბარი] ემსახურება საზოგადოების ინფორმირებას, რომ ამ ცრუ მანევრებს არ წამოეგონ. ჩვენ გვეშინია, რომ [ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ბარიერს ვერ ლახავენ] ხალხს მოატყუებენ. როდესაც საზოგადოებას ახალი პარტიის როლში წარუდგენენ „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ღია ტყუილია და ამას საზოგადოება ისედაც ხვდება. ჩვენ სწორედ ამას ვუხსნით საზოგადოებას, რომ ეს ყალბი მრავალფეროვნება, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზეა, სინამდვილეში არის „ნაციონალური მოძრაობის“ კლონები, როგორც მათი ლიდერი აცხადებს“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე დაგაინტერესებთ