შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – სხვა სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ და არა საკუთარი ქვეყნის – ვხედავთ პირდაპირ ეთერში, როგორ ღალატობს პარლამენტის წევრი საკუთარ ქვეყანას

დღესდღეობით ვხედავთ პირდაპირ ეთერში, როგორ ღალატობს პარლამენტის წევრი საკუთარ ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე იმ ფაქტს, რომ „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ დელეგაციის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტის ინიცირებას საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები ერთად მოქმედებენ, რაც პაპუაშვილის განმარტებით, ადასტურებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები სხვა ქვეყნების ინტერესებით ხელმძღვანელობენ.
„კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ეს არის ერთი გუნდი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად იმისა, ფორმალურად რა პარტია ჰქვია. ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი მოქმედებენ შეთანხმებულად და იცის უკვე საზოგადოებამ, რომ ამ რეზოლუციის პროექტს ჰქონდა საქართველოს დელეგაციიდან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ხელმოწერა, მოლდოვის დელეგაციის ხელმოწერა, საჭირო იყო კიდე ორი ხელმოწერა. 4 ოპოზიციონერი იყო იქ, 2-ს მაინც რომ ეფიქრა მეტი საკუთარ ქვეყანაზე და არა დავალებებზე, იქნებოდა ინიცირებული. ასევე, სამწუხარო პოზიცია იყო უკრაინის დელეგაციის მხრიდან. ვნახეთ აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადება უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლის იმ მიზეზებთან დაკავშირებით, რატომ არ უჭერდნენ მხარს – თითქოს საქართველოში ხდება სანქციების გვერდის ავლა. ვნახეთ, რომ, საბოლოო ჯამში, უკრაინის დელეგაციის ეს წარმომადგენლები და „ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედებენ ერთად. ამაზე ვსაუბრობ ხოლმე, როდესაც ვსვამ კითხვას „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციის მიმართ, რომელ დროშაზე დადეს მათ ფიცი – საქართველოს დროშაზე, თუ სხვა ქვეყნის დროშაზე? ჩვენ ვხედავთ, რომ მათთვის საქართველო არ არის სამშობლო და სახელმწიფო, ისინი სხვა სახელმწიფოების ინტერესებით მოქმედებენ და არა საკუთარი ქვეყნის და ხალხის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ადამიანების პროტესტი არის გასაგები იმიტომ, რომ პირდაპირ ეთერში ვნახეთ, რას ნიშნავს ქვეყნის ღალატი. დღესდღეობით ვხედავთ პირდაპირ ეთერში, როგორ ღალატობს პარლამენტის წევრი საკუთარ ქვეყანას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ