იმედი მაქვს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის წევრის დროებით მოწმობას აიღებენ და გაივლიან რეგისტრაციას, დაესწრებიან პირველ სხდომას – ბევრს კი იმუქრებიან, მაგრამ შევხედავთ, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ვინ დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმის შესახებ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის პირველი სხდომისთვის წევრების რეგისტრაცია უკვე დაიწყო.
„დაიწყო უკვე არჩეული პარლამენტის წევრების რეგისტრაცია პირველი სხდომისთვის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რეგისტრაცია ხორციელდება ცესკო-ს მიერ გაცემული პარლამენტის წევრის დროებითი მოწმობის საფუძველზე. რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით, ოპოზიციის წარმომადგენლებს, ცესკო-სგან ეს საბუთები არ აუღიათ, თუმცა იმედი მაქვს, რომ მიმართავენ, აიღებენ ამ საბუთს და გაივლიან რეგისტრაციას, დაესწრებიან პარლამენტის პირველ სხდომას, ვხედავთ მათ წამოცდენებს. დღესაც ვხედავდით ერთ-ერთი პარტიის წევრმა თავის თავს როგორ უწოდა „არჩეული დეპუტატი“. ასე რომ, ეს ფროიდისეული წამოცდენები მათ ძალიან ხშირად მოსდით, ვნახოთ, ბევრს კი იმუქრებიან მაგრამ შევხედავთ, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ვინ დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმის შესახებ.
რაც შეეხება პარლამენტსა და პარლამენტის კონფიგურაციას, ნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა წარადგინა მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელიც პარლამენტს წარედგინება. ნახეთ ჩვენი კოლეგები, რომლებიც სხვადასხვა სამინისტროს გაუძღვებიან. აქედანვე შეგიძლიათ იგულისხმოთ, რომ გარკვეული ცვლილებები კომიტეტების თავმჯდომარეებთან მიმართებით იქნება.
მივესალმები სამივე საკადრო გადაწყვეტილებას. ჩვენი კოლეგები, რომლებიც წლებია ამ სფეროებში წინა ხაზზე არიან, გააძლიერებენ როგორც სამინისტროებს, ასევე ამ მიმართულებებს. ასე რომ, მინდა აქედანვე მივულოცო მათ ნომინირება. პარლამენტი მზადაა განიხილოს მთავრობის შემადგენლობა და მიმდინარე კვირას დაამტკიცოს ახალი მთავრობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.