შალვა პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე – ეს არის შედეგი იმისა, რომ იქ არის საოკუპაციო მმართველობა და ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელშიც არ არის ინსტიტუციები და საოკუპაციო მმართველობაა, სტაბილურობა შეუძლებელია

ეს არის შედეგი იმისა, რომ არის საოკუპაციო მმართველობა იქ და ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელშიც არ არის ინსტიტუციები და არის საოკუპაციო მმართველობა, რა თქმა უნდა, სტაბილურობა შეუძლებელია – ანექსიის მცდელობას მე ვერ დავარქმევდი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა და მათ შორის უპასუხა კითხვას, შეაფასებდა თუ არა ამას ს მხრიდან ანექსიის მცდელობას ოკუპირებულ აფხაზეთში.
პაპუაშვილის განმარტებით, საოკუპაციო რეჟიმების მიერ შექმნილი „ნაცრისფერი ზონები“ როგორც საქართველოში, ისე სხვაგან, არის დესტაბილიზაციის წყარო.
„ჩვენს საერთო ინტერესშია, რომ ერთიან საქართველოს ფარგლებში განვითარდეს მთლიანად ჩვენი ქვეყანა, მათ შორის, და აფხაზეთის მოქალაქეების კეთილდღეობაც მხოლოდ ასე განვითარდება. ნებისმიერი ასეთი „ნაცრისფერი ზონები“, რომლებიც იქმნება საოკუპაციო რეჟიმის წყალობით საქართველო იქნება ეს თუ სხვაგან, ყოველთვის არის წყარო დესტაბილიზაციის, ვინაიდან ეს არის არაფუნქციონირებადი ინსტიტუციების მქონე ტერიტორია. ანექსიის მცდელობას მე ვერ დავარქმევდი. რა თქმა უნდა, ზოგადად, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ რამდენი ხანია, რომ ეს რისკები არის, როდესაც ჩვენ ვხედავდით ვთქვათ ანექსიის პოლიტიკაზე გადასვლას სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მაგრამ სწორედ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, არ ვიცი რატომ ვსაუბრობთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე რატომ არ აკეთებს განცხადებას საქართველოს საგარეოს საქმეთა მინისტრი და არის თუ არა ის საკითხი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას საჭიროებს, პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა: „პასუხი არ სჭირდება, მკაფიო პოზიცია ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით… არ ვიცი ამას რისი დაფიქსირება უნდა სჭირდებოდეს“.
ცნობისთვის, დღეს ე.წ. პარლამენტში სოხუმს და მოსკოვს შორის საინვესტიციო შეთანხმების პროექტის რატიფიცირება იგეგმებოდა. თუმცა ე.წ. „დეპუტატებმა“ დღის წესრიგი არ დაამტკიცეს და სხდომა ჩაიშალა. აქციის მონაწილეები „დეპუტატებისგან“ სხდომის გამართვას და პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ.