აღნიშნულზე არის ქართული გამონათქვამი: „ყვავმა ყვავს უთხრა, შენ ჩემზე შავოო”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი „ახლებს“ ადანაშაულებს განხეთქილებაში, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია კი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ყოფნა მისთვის მიუღებელია.
შეგახსენებთ, გუშინ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა: „ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები“.
„მე, ნიკა მელიას, ასეთი ბრალმდებლის გვერდში ერთ ჰექტარზეც კი ვერ მნახავთ”, – განაცხადა მელიამ სასამართლო პროცესზე.
მელიას ეს განცხადება სავარაუდოდ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ განცხადებას ეხებოდა, სადაც სააკაშვილი საუბრობს მისი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურზე და აცხადებს, რომ გილაურმა „თავისი” ფული ჩადო საარჩევნო კამპანიაში იმ პირობით, რომ არ მოხდებოდა პარტიების გაერთიანება, ჩაიარა არჩევნებმა, „მთავარი არხი” დაიხურა, „გილაურიც აორთქლდა და გადაერთო ივანიშვილის ლობირებაზე დასავლეთში”.
„დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო “ადგილობრივ არჩევნებშიც” აამოქმედა ივანიშვილმა ფინანსური ბერკეტები და ახლაც კარგად აცხოვრებს იმ პერსონაჟებს, (აბა რით ირჩენენ თავს?) რომელთა მთავარი დავალებაა „არა მიშას ძახება“, თან ისე რომ ივანიშვილი პრაქტიკულად აღარც ახსენდებათ“,- წერდა მიხეილ სააკაშვილი.




