„ენჯეოების“ მხრიდან ულტიმატუმი იყო წამოყენებული პარლამენტის მიმართ. ერთსაათიანი ვადაც კი დაგვითქვა ერთ-ერთი „ენჯეოს“ ხელმძღვანელმა, რომელიც დანიის და ნიდერლანდების საელჩოდან ფინანსდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საელჩოების ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები გუშინ ულტიმატუმს უყენებდნენ საქართველოს პარლამენტს , “მეორე – მცდელობა ჰქონდათ, მშვიდობიანი აქცია გადაეზარდათ ისეთ აქციად, რომელიც გაცდენილი იქნებოდა მშვიდობიან ფარგლებს”. მისი თქმით ამ ყველაფერთან დაკავშირებით საელჩოებს უნდა ჰქონდეთ რეაქცია.
„მგონი, ამ საელჩოებმაც უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია – ერთი, რომ ეს არის მიზანი ამ „ენჯეოს“ დაფინანსებისა, რომ ულტიმატუმები წამოუყენონ ქართველი ხალხის წარმომადგენლობით ორგანოს, რა კანონი მიიღოს, რა კანონი არ მიიღოს? არა მხოლოდ ეს თქვას, არამედ ერთსაათიანი ვადა მისცეს, მაშინ, როდესაც ხალხი არის შეკრებილი და ამით მოახდინოს რაღაც ქმედებების ინსპირირება. ეს ვადა რომ გავიდა, იგივე „ენჯეოს“ ხელმძღვანელმა, რომელიც დანიის და ნიდერლანდების საელჩოდან ფინანსდება, აქციის მონაწილეებს მოუწოდა კანცელარიისკენ გადაადგილებისკენ და ამით, ფაქტობრივად, წაიყვანა აქციის ნაწილი შესაძლო ძალადობრივ ქმედებაზე. კანცელარიასთან უფრო პატარაა ტერიტორია, ვიდრე რუსთაველზე და რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს როცა მოუწოდებ, გადავიდნენ უფრო პატარა ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ზრდი რისკებს, რომ იქნება ფიზიკური კონტაქტი პოლიციასთან და იყო ასეთი მცდელობებიც. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ნიდერლანდების, დანიის, არ ვიცი, სხვა ვინ არიან ამ „ენჯეოს“ დამფინანსებლები, სხვა „ენჯეოების“, რომლებიც ჩვენ გუშინ სცენაზე ვნახეთ, გაემიჯნონ. მათი ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები გუშინ ულტიმატუმს უყენებდნენ საქართველოს პარლამენტს, ქართველი ხალხის წარმომადგენლობით ორგანოს. მეორე – მცდელობა ჰქონდათ, მშვიდობიანი აქცია გადაეზარდათ ისეთ აქციად, რომელიც გაცდენილი იქნებოდა მშვიდობიან ფარგლებს. წარმოიდგინეთ, საქართველოს სახელმწიფო აფინანსებდეს ნიდერლანდებში ან დანიაში, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში ორგანიზაციას, რომელიც დადგება ან ნიდერლანდების, ან დანიის პარლამენტის წინ და ულტიმატუმებს წამოუყენებს პარლამენტს, ამ ულტიმატუმების არშესრულების შემდეგ, ფაქტობრივად, წავა განზრახ შესაძლო ძალადობაზე. ასე რომ, ეს არის ზუსტად, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ზუსტად ეს აჩვენებს, რამდენად საჭიროა, ვიცოდეთ, ზუსტად ვინ დგას ასეთი ორგანიზაციების დამფინანსებლის სახით. ამას აქვს ორი ეფექტი. ერთი, რომ საზოგადოებას ეცოდინება კონკრეტულად ორგანიზაციებთან დაკავშირებით, ვინ არიან. კონკრეტული ამ ორგანიზაციის რამდენიმე დამფინანსებელი ვიცით, თუმცა იქ იყვნენ სხვა ორგანიზაციებიც, რომელთა დამფინანსებლები საერთოდ არ ვიცით. მეორე – როდესაც დონორს ეცოდინება, რომ მისი დაფინანსება არის გამჭვირვალე, ის, რა თქმა უნდა, მეტად პასუხისმგებლიანი იქნება, რას აკეთებს მისი დაფინანსებით მოქმედი ადამიანი. მაგალითად, როდესაც ხდება გარკვეული კვლევების თუ პუბლიკაციების შექმნა „ენჯეოების“ მხრიდან, როგორც ვიცით, დონორების მოთხოვნა არის ხოლმე, დატანილი იყოს წარწერად, რომ ისინი შინაარსზე არ აგებენ პასუხს. ყველა ქმედებასთან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ მათი შეფასება. კონკრეტულად გუშინდელთან დაკავშირებით ამ საელჩოების, თუ დონორების პოზიცია – ემიჯნებიან თუ არა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ მხრიდან საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ ულტიმატუმების დაყენებას. არა კრიტიკას, არა რჩევას, არამედ ულტიმატუმის დაყენებას და ამ ულტიმატუმის შეუსრულებლობის გამო, ფაქტობრივად, შესაძლო ძალადობისკენ მიჰყავთ ხალხი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.