პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაზე „ენჯეოშნიკების“ კვოტით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ჰყავთ მიწვეული. როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მიწვევა არის სირცხვილი.
„ის ფაქტი, რომ ევრონესტის ამ სხდომაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის მხოლოდ 2 ქვეყანა იქნება წარმოდგენილი, თავად მასპინძელი სომხეთი და მის გარდა, უკრაინა, ესეც თავისთავად აჩვენებს, რომ ევროპარლამენტის მხრიდან რაღაც სწორად არ ხდება, მათ შორის ის ფაქტი, რომ ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა, აზერბაიჯანი და საქართველო ამ სხდომაში არ მონაწილეობს. თავად ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ქცევა არასწორია. რაც შეეხება ევრონესტის სხდომაზე მიწვეულ პოლიტიკოსებს, სინამდვილეში, აქ „ენჯოეშნიკების“ საფარქვეშ მიწვეული ჰყავთ „ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“, „ევროპული საქართველოს“ , „დროას“ პარტიის წევრები. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მიწვეული პირებიდან უმრავლესობა, თითქმის ყველა პოლიტიკოსები, პარტიის წევრები არიან, ქალბატონი ბოკუჩავა და ასე შემდეგ.
სინამდვილეში, ამით ევრონესტის ევროპარლამენტის მხარე გვაჩვენებს და მიუთითებს ქართველებს, თუ ვის თვლიან ისინი საქართველოს წარმომადგენლებად. საქართველოს წარმომადგენლებად „ნაცმოძრაობას“ თვლიან. ევრონესტის უკან კონკრეტული ადამიანები დგანან, ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე და მისი მტრული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ცნობილია. გასაკვირი არ არის, რომ „ნაცმოძრაობასთან“ ჩახუტებული ქალბატონი რასა იუკნევიჩიანე „ენჯოშნიკების“ საფარქვეშ იწვევს „ნაცებს“ ევრონესტზე, რაც რა თქმა უნდა, სირცხვილია“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, „საქართველოს ხელისუფლება ფარსში მონაწილეობას არ აპირებს“.
„მტრული რიტორიკა აქვს ზოგიერთ ევროპარლამენტარს ქართველი ხალხის მიმართ, რომლებიც არიან ევრონესტის ხელმძღვანელობაში. მტრული რიტორიკა აქვთ ქართველი ხალხის არჩევანის, ქართველი ხალხის ხელისუფლების მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მტრულ რიტორიკას ლეგიტიმაციას ვერ მივცემთ, მათ შორის, ვერ მივიღებთ იმ ფარსში მონაწილეობას, როდესაც „ენჯოეშნიკებად“ გაფორმებული ჰყავთ თინა ბოკუჩავა, გრიგოლ გეგელია და მსგავსი პოლიტიკოსები. ევრონესტი ახდენს საკუთარი თავის იზოლაციას აღმოსავლეთ პარტნიორობისგან. უნდათ, რომ რეგიონული პოლიტიკა მათ პოლიტიკურ გემოვნებაზე აეწყოს“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.




