შალვა პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – შეიძლება სხვადასხვა სახელი დაირქვან, შეიძლება სხვადასხვა ოფისი გახსნან, მაგრამ ერთია მათი მთავარი პრინციპი – ეს არის ძალა, რომელიც ებრძვის საქართველოს

ჩვეულებრივი დეზინფორმაციული შტურმი მიდის ქართულ საზოგადოებაზე – ცდილობენ გარკვეული ტაქტიკური გადალაგება განახორციელონ და ამით დააბნიონ ქართული საზოგადოება, თითქოს რაღაც სხვა ცენტრები იქმნება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ბაქოში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, “ნაციონალური მოძრაობა” არის ძალა, რომელიც მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.
„სინამდვილეში, არის ერთადერთი ძალა ოპოზიციაში – ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, მისი ფინანსური რესურსებით, მისი სხვა რესურსებით, რომელიც ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ აქვს. ეს არის ძალა, რომელიც მოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ამიტომ მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი არ დაიბნევა, 2024 წელს არჩევანი იქნება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. შეიძლება სხვადასხვა სახელი დაირქვან, შეიძლება სხვადასხვა ოფისი გახსნან, მაგრამ ერთია მათი მთავარი პრინციპი – ეს არის ძალა, რომელიც ებრძვის საქართველოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.